ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, პირველად 2019 წლის შემდეგ, დემენციის პრევენციის რეკომენდაციები განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, დემენციის განვითარების შემთხვევების დაახლოებით 45% დაკავშირებულია შეცვლად რისკ-ფაქტორებთან, რაც ნიშნავს, რომ მათი მართვით დაავადების თავიდან აცილება ან მისი დაწყების გადავადება შესაძლებელია. 


განახლებულ რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა: რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას; მოწევისთვის თავის დანებებას; ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას; ჯანსაღ კვებას; სოციალური აქტიურობისა და შემეცნებითი (კოგნიტური) აქტივობების შენარჩუნებას; ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შემცირებას; არტერიული ჰიპერტენზიის, დიაბეტის და ქოლესტერინის მაღალი დონის ეფექტიან კონტროლს; საჭიროების შემთხვევაში სმენის აპარატების გამოყენებას, რადგან სმენის დაქვეითებაც დემენციის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. 

WHO ასევე აღნიშნავს, რომ არ არის რეკომენდებული ვიტამინ B-ის, ვიტამინ E-ის, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და მულტივიტამინების მიღება დემენციის პრევენციის მიზნით, თუ ადამიანს ამ ნივთიერებების დეფიციტი არ აქვს, რადგან მათი სარგებელი ამ შემთხვევაში არ არის დამაჯერებლად დადასტურებული. 

ჯანმოს მონაცემებით, დღეს მსოფლიოში დემენციით 57 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება. ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და შემთხვევების დაახლოებით 60–70%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დემენციის სრულად განკურნება ამჟამად შეუძლებელია, WHO მიიჩნევს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და რისკ-ფაქტორების დროული კონტროლი დაავადების გავრცელების მნიშვნელოვნად შემცირებას შეუწყობს ხელს.