აჭარაში ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სერვისი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ამოქმედდა, რომლითაც უკვე ორმა პაციენტმა ისარგებლა. ახალი სამედიცინო მიმართულების დანერგვა პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა ადგილზე, რეგიონიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2019 წლიდან, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 125 000-დან 235 000 ლარის ფარგლებში აფინანსებს, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში. დღემდე პროგრამით 98-მა პაციენტმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი გამოიყო. მათ შორის, 2026 წელს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 7 პაციენტს დაუფინანსდა, რაზეც დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიმართა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაიტარეს. შეხვედრაზე პროგრამების შედეგები, პაციენტების გამოცდილება და სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, შესაბამისი მიმართულების ექიმები და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები.
ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 2016 წლიდან ასევე ტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია. დღემდე სამინისტროს დაფინანსებით ღვიძლის ტრანსპლანტაცია 51 პაციენტს ჩაუტარდა, რისთვისაც თითქმის 5 მილიონი ლარი გამოიყო. 2026 წელს აღნიშნული მომსახურებით 4-მა პაციენტმა ისარგებლა, ხოლო დაფინანსებამ 500 000 ლარი შეადგინა.





