შრი-ლანკა ებრძვის დენგეს ცხელების გავრცელებას, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა. 2026 წლის იანვრიდან დაფიქსირებულია დაავადების 76 044 და გარდაცვალების 53 შემთხვევა.

 
დაავადების სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ DENV-2 შტამს, რომელიც უფრო აგრესიულად მიიჩნევა. შემთხვევების დაახლოებით 75% სწორედ ამ შტამზე მოდის. კოღოების გამრავლების კერების აღმოსაჩენად მთავრობამ სამხედრო ძალებიც ჩართო. მათი დრონები სახურავებსა და სხვა ადგილებში დაგუბებულ წყალს აფიქსირებენ, ხოლო სამხედროები და პოლიციელები სახლებს, სამშენებლო ობიექტებსა და სკოლებს ამოწმებენ. 
ივლისის პირველ ორ კვირაში 18 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც საავადმყოფოებს დამატებითი საწოლებისა და განყოფილებების გახსნა, ასევე ექიმებისა და ექთნების სამუშაო საათების გაზრდა მოუწიათ. 


მანამდე კი, ივნისში ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 537 შეადგინა, რაც მაისთან შედარებით ორჯერ მეტი მაჩვენებელია. ჯერჯერობით ქვეყანაში დენგეს საწინააღმდეგო ვაქცინა არ გამოიყენება, თუმცა ხელისუფლება მის დანერგვას განიხილავს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინის ეფექტიანობა შესაძლოა შეზღუდული იყოს, რადგან ვირუსის რამდენიმე შტამი ცირკულირებს. 


ეპიდემიის გამწვავებას ხელი შეუწყო 2025 წლის ნოემბერში მომხდარმა ციკლონმა, რომელმაც ინფრასტრუქტურა დააზიანა და მრავალ ადგილას წარმოქმნა დაგუბებული წყალი, რაც კოღოების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.  ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ივლისში უკვე გაანადგურეს კოღოების გამრავლების თითქმის 11 000 კერა, ხოლო 4 000-ზე მეტ ობიექტს, სადაც ასეთი კერები აღმოაჩინეს, ჯარიმა დაეკისრა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აგვისტოში, მუსონური წვიმების შესუსტებასთან ერთად, შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ნოემბერში, მეორე მუსონის დაწყებისას, შესაძლოა დაავადება კვლავ გავრცელდეს.