დიდ ბრიტანეთში 16 და 17 წლის მოზარდებს სოციალური მედიის აპლიკაციების გამოყენება შუაღამის შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ თავად შეცვლიან აპებში უსაფრთხოების პარამეტრებს. ეს ცვლილება მთავრობის მიერ დაგეგმილი, ონლაინ-უსაფრთხოების ახალი წესების ნაწილია.
მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ მთავრობამ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების ფართომასშტაბიანი შეზღუდვის გეგმა წარადგინა, სამშაბათს განაცხადა, რომ ასევე გეგმავს 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამის საათებში შეზღუდვის დაწესებას.
ახალი წესების მიხედვით, შესაბამისი ასაკის მომხმარებლებისთვის სოციალური მედიის აპები ავტომატურად დაიბლოკება ღამის 12:00-დან დილის 6:00 საათამდე, თუ ისინი თავად არ შეცვლიან შესაბამის პარამეტრს.
ამასთან, გამოირთვება ის ფუნქციებიც, რომლებიც მომხმარებლებს აპებში უფრო დიდხანს აჩერებს, მაგალითად, უსასრულო გადახვევა (infinite scroll) და მსგავსი მექანიზმები.
ეს შეზღუდვები ხაზს უსვამს მშობლებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიცვან ახალგაზრდები სოციალური მედიის მავნე ზეგავლენისგან, რომელიც მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას ემუქრება.
„ეს ზომები გადამწყვეტი იქნება ახალგაზრდებისთვის საჭირო ძილის უზრუნველსაყოფად, ასევე იმისთვის, რომ მათ ყურადღება სწავლასა და კოლეჯზე გადაიტანონ და ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად დრო უფრო ხარისხიანად გაატარონ“, — განაცხადა ტექნოლოგიების საკითხებში მინისტრმა ლიზ კენდალმა.
ონლაინ უსაფრთხოების საკითხებში მინისტრმა კანიშკა ნარაიანმა კი აღნიშნა, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს აღნიშნული შეზღუდვის (ე.წ. „კურფიუსის“) დანერგვა კანონით დაევალებათ.
„ჩვენ ვაიძულებთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, ეს გააკეთონ“, — განუცხადა მან ოთხშაბათს რადიო LBC-ს.
მისი თქმით, კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება, უფრო მკაცრად შეამოწმონ მომხმარებელთა ასაკი, ხოლო ისინი, ვინც ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, „ძალიან მკაცრი მარეგულირებელი სანქციების“ წინაშე აღმოჩნდებიან.
Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ, TikTok-ის მშობელმა კომპანია ByteDance-მა და Google-მა (რომელიც YouTube-ს ფლობს) Reuters-ის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინათ აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ უპასუხეს.
მთავრობის ინფორმაციით, სოციალური ქსელების შეზღუდვებთან დაკავშირებული რეგულაციების პირველი პაკეტი პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე წარედგინება, ხოლო ზომები ძალაში, სავარაუდოდ, 2027 წლის გაზაფხულზე შევა.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ავსტრალიის (ქვეყნის, რომელმაც პირველმა აკრძალა სოციალური ქსელები ბავშვებისთვის) საკონსულტაციო ჯგუფმა დაადგინა, რომ ონლაინპლატფორმებს ასაკის გადამოწმების მექანიზმების დანერგვის საწყის ეტაპზევე შეექმნათ პრობლემები, რამაც აღნიშნული აკრძალვა არაეფექტიანი გახადა.





