ევროპასა და აშშ-ში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მზისგან დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თემაზე სტატიას Reuters-ი აქვეყნებს და წერს, რომ მზით დამწვრობა არა მხოლოდ აზიანებს კანს, არამედ ამცირებს ორგანიზმის ოფლიანობის უნარს, რაც ზრდის გადახურებისა და სითბური დარტყმის რისკს.
სააგენტოს თანახმად, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ბემოტრიზინოლი როგორც ურეცეპტოდ გასაყიდი მზისგან დამცავი საშუალებების ახალი აქტიური კომპონენტი. იგი უკვე მრავალი წელია გამოიყენება ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში. FDA-ის გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის აგვისტოდან შევა.
ქიმიური მზისგან დამცავი საშუალებები - მათ შორის დასახელებული ნივთიერება - შთანთქავენ ულტრაიისფერ სხივებს და მათ სითბოდ გარდაქმნიან, სანამ ისინი კანს დააზიანებენ. მათი ნაწილი კანიდან სისხლშიც შეიწოვება, თუმცა გრძელვადიანი უსაფრთხოების შეფასებისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო. მზისგან დამცავი მინერალური საშუალებები კი რომლებიც თუთიის ოქსიდს ან ტიტანის დიოქსიდს შეიცავს, კანზე დამცავ ფენას ქმნიან და UV სხივებს ირეკლავენ. ისინი პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლში.
რით გამოირჩევა BEMT?
სააგენტოს თანახმად, ის უზრუნველყოფს ფართო სპექტრის დაცვას — ერთდროულად UVA და UVB სხივებისგან. ის მზის სხივების ზემოქმედებით ნელა იშლება და შედარებით დიდი მოლეკულების გამო ნაკლებად შეიწოვება კანიდან.
FDA-მ ის 6 თვისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც უსაფრთხოდ მიიჩნია.
დერმატოლოგების თქმით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 32°C-ს ან მეტს აღწევს და ტენიანობაც მაღალია, ხშირად უპირატესობა ენიჭება მზისგან დამცავ მინერალურ საშუალებებს, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ნაკლებად იწვევს კანის გაღიზიანებას, თუმცა, ნებისმიერი ტიპის მზისგან დამცავი შეიძლება დაზიანდეს, თუ დიდხანს დარჩება ძლიერ სიცხეში.
სპეციალისტების რჩევაა, გამოვიყენოთ SPF 30 ან უფრო მაღალი და ფართო სპექტრის მზისგან დამცავი საშუალება. წავისვათ მზეზე გასვლამდე 15 წუთით ადრე. განვაახლოთ მისი ფენა ყოველ ორ საათში, ასევე ცურვისა და ძლიერი ოფლიანობის შემდეგ.
კვლევები აჩვენებს, რომ თუ მზისგან დამცავი საშუალება 8 საათზე მეტხანს რჩება 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, მისი შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს და ეფექტიანობა შემცირდეს. ამიტომ რეკომენდებულია მისი შენახვა ჩრდილში ან თერმოჩანთაში. არაა რეკომენდებული მისი დატოვება მანქანაში ან მზეზე.





