სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქვეყანაში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება შემცირდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება საქართველოში სამჯერაა შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლადაა შემცირებული წინა წლებთან შედარებითაც.
საქართველო უკვე წლებია მიერთებულია ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება რეგულირების საერთაშორისო შეთანხმებას. დარგის სპეციალისტების განცხადებით, შეთანხმების მიხედვით ყველა ქვეყანას გარკვეული კვოტა აქვს გამოყოფილი, აღნიშნული ნივთიერებების რა რაოდენობის გამოყენება შეუძლია. მათი განმარტებით, ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებში რჩება.
„ეს არის აქროლადი პროდუქცია - სპრეები, რომლებსაც კოსმეტიკაში ვხმარობთ და იწვევს ოზონის შრის დაშლას. მათ შორისაა ასევე ისეთი ნივთიერებები, რომლებიც უკავშირდება ძველ მაცივრებში ფრეონის გამოყენებას. ჩვენ ოზონდამშლელი ნივთიერებების მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ ჩვენთან შემოდის ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცველი პროდუქტი და სწორედ ეს ითხოვს რეგულირებას. შესაბამისად, ყოველწლიურად სახელმწიფო განსაზღვრავს კვოტას, რამდენი შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში,“ - აცხადებს ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
ოზონის შრე დედამიწის ატმოსფეროში არსებული ერთგვარი ფილტრია, რომელიც მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს. მისი დაზიანებისას დედამიწაზე მავნე ულტრაიისფერი სხივები და რადიაცია მარტივად აღწევს, შედეგად კი ადამიანებში იმატებს ჯანმრთელობის პრობლემები - კანის კიბო, თვალების სხვადასხვა დაავადება და იმუნური სისტემის დაქვეითება. ოზონის შრის დაშლას შესაძლებელია ხელი შეუწყოს ისეთმა ნივთიერებებმა, რომლებსა ცადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ, პირველ რიგში ესენია მაცივრები და კონდიციონერები, ასევე დეოდორანტები და სხვა პროდუქცია.





