ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად თითქმის 300 ათასი ადამიანი იხრჩობა. დახრჩობა 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების სიცოცხლისთვის ათ მთავარ საფრთხეს შორის ერთ-ერთია. დახრჩობის პრევენციის მსოფლიო დღის წინ, რომელიც 25 ივლისს აღინიშნება, ჯანმომ წარადგინა შვიდი სტრატეგია, რომლებიც მთავრობებსა და ადგილობრივ თემებს წყალში ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

„დახრჩობის თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა და ასეთი სიკვდილიანობის უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელია. დახრჩობის პრევენცია ერთი სამინისტროს პასუხისმგებლობა არ არის – ეს საერთო საქმეა. ამ ძალისხმევის ყველაზე დიდი შედეგი გადარჩენილი სიცოცხლეები იქნება,“ – განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.


ჯანმო აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. წყალდიდობები, შტორმები და უკიდურესი სიცხის პერიოდები სულ უფრო ხშირია, რაც დახრჩობის რისკსაც ზრდის.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუსით მატება დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს 7,2 პროცენტით ზრდის. ხოლო იმ დღეებში, როდესაც ტემპერატურა 25°C-ს აღემატება, დახრჩობის რისკი თითქმის ხუთჯერ მეტია, ვიდრე მაშინ, როდესაც ტემპერატურა 10°C-ზე დაბალია.

ამგვარად, დახრჩობის პრევენცია მხოლოდ ზაფხულის სეზონისთვის მზადებას აღარ ნიშნავს – ის კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაციის მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცა.