იმედია, ფილტვის კიბოს სკრინინგი სხვა დიდ ქალაქებშიც დაინერგება, შემდეგ კი ეროვნული დონის სკრინინგ პლატფორმაში შევა.
ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე აცხადებს. მისი თქმით, თბილისის მერიის მიერ დაწყებული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დადასტურებული ფაქტია, რომ მწეველთა დიდი ნაწილი ფილტვის კიბოს რისკის ქვეშაა, საწყის ეტაპზე კი ამ დაავადებას არანაირი სიმპტომი არ ახასიათებს, ამიტომ მისი გამოვლენა რთულია და, შესაბამისად, სიმპტომებამდე მის დიაგნოსტირებას შედეგიანი მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა 1 მაისიდან ამოქმედდა და მისი მიზანი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა. პირველადი დიაგნოსტირება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხდება. სკრინინგი ამ ეტაპზე, 16 სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს.
პროგრამაში ჩართვისთვის განსაზღვრულია გარკვეული კრიტერიუმები - ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ დედაქალაქში რეგისტრირებული 45-დან 75 წლამდე ასაკის, თამბაქოს აქტიური მომხმარებლები, ან ამავე ასაკის ადამიანები, რომლებმაც მოწევას ბოლო 15 წლის განმავლობაში დაანებეს თავი. სპეციალისტების თქმით, ასაკობრივი ზღვარი შემთხვევითი არ არის - ფილტვის კიბოს ძირითადი გამომწვევი ფაქტორი თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარებაა, რის გამოც დაავადება ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება.





