Samsung Biologics-ი შვეიცარიულ ბიოფარმაცევტულ კომპანია PolyPeptide-ს შეიძენს. გარიგების თანხა 1.8 მილიარდი დოლარია. როგორც Reuters-ი წერს, ეს კორეული ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შესყიდვა იქნება.
აღნიშნული გარიგება არის Samsung Group-ის ყველაზე დიდი საერთაშორისო გარიგება მას შემდეგ, რაც Samsung Electronics-მა 2017 წელს Harman International შეიძინა. უახლესი შენაძენი ჯგუფის ბიოტექნოლოგიური ბიზნესის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. ეს მიმართულება, ნახევარგამტარებთან ერთად, კომპანიის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.
Samsung Biologics-მა შეთანხმების შესახებ ორშაბათს განაცხადა. კომპანია გეგმავს, გარიგება მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულოს და PolyPeptide-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდეს.
Samsung Group-ს კუთვნილი Samsung Biologics არის სამხრეთკორეული ბიოფარმაცევტული კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობაა ბიოლოგიური მედიკამენტების შემუშავებისა და წარმოებისთვის მომსახურების გაწევა სხვა ფარმაცევტული კომპანიებისთვის.
კომპანია მუშაობს მოდელით, რომელიც გულისხმობს ბიოლოგიური პრეპარატების კვლევასა და განვითარებას, კლინიკური და კომერციული პარტიების წარმოებას, ასევე ხარისხის კონტროლსა და სხვა საწარმოო მომსახურებებს.
Samsung Biologics მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიოფარმაცევტული მწარმოებელია და მრავალ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობს. ის აწარმოებს მონოკლონურ ანტისხეულებს, ბიოსიმილარებსა და სხვა ბიოპროდუქტებს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Samsung Biologics მხოლოდ საკუთარ წამლებს არ ქმნის — ის სხვა ფარმაცევტული კომპანიებისთვის ავითარებს და აწარმოებს ბიოლოგიურ მედიკამენტებს, რის გამოც ბიოფარმაცევტული ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან პარტნიორად ითვლება.
PolyPeptide კი არის შვეიცარიაში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია პეპტიდური აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების განვითარებასა და წარმოებაში.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია თერაპიული პეპტიდების კვლევა, განვითარება და წარმოება, ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანიებისთვის საკონტრაქტო მომსახურების გაწევა.
პეპტიდები ამინომჟავების მოკლე ჯაჭვებია, რომლებიც თანამედროვე მედიცინაში ფართოდ გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები, იშვიათი გენეტიკური დაავადებები.
რაც შეეხბა გარიგების მნიშვნელობას, Samsung Biologics ტრადიციულად ძლიერიაბიოლოგიური პრეპარატების (მაგალითად, მონოკლონური ანტისხეულების) წარმოებაში. PolyPeptide-ის შეძენით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს პოზიციებს სწრაფად მზარდ პეპტიდური მედიკამენტების ბაზარზე, რომელიც სიმსუქნისა და დიაბეტის ახალი თაობის პრეპარატების მზარდი მოთხოვნის ფონზე განსაკუთრებულად იზრდება.





