ძილის დარღვევა, სწავლის ხარისხის გაუარესება, შფოთვა - ამ სიმპტომებს მოზარდებში სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება იწვევს. ექიმები ამბობენ, რომ მსგავსი ჩივილებით მიმართვიანობა გაზრდილია, რაც შეშფოთების საფუძველია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში სპეციალისტები ამბობენ, რომ არასრულწლოვნებს, რომლებიც სმარტფონებთან დიდ დროს ატარებენ, უვითარდებათ კოგნიტური ანუ გონებრივი უნარების დაქვეითება - მაგალითად, ექმნებათ მეხსიერების, დასწავლის და სხვა პრობლემები, გრძნობენ მუდმივ დაღლილობას. სპეციალისტების რეკომენდაციაა რომ ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე არასრულწლოვნებმა უარი თქვან მობილური ტელეფონის გამოყენებაზე. ექიმები მშობლებს მოუწოდებენ, პრობლემის არსებობის შემთხვევაში რეაგირება დროულად მოახდინონ და მოზარდი ფიზიკურ აქტივობაში ჩართონ.
ფსიქოთერაპევტ მაგდა კოტრიკაძის თქმით, დღეს ყველაზე ხშირად ვხვდებით არა პირდაპირ გაჯეტზე დამოკიდებულებას, არამედ ე.წ. პრობლემურ ციფრულ ქცევებს. განსაკუთრებული რისკებია FOMO, ანუ რაიმე მნიშვნელოვნის გამოტოვების შიშთან დაკავშირებით.
„კვლავ აქტუალურია ნომოფობია, სოციალური გამორიცხვის შიში და სოციალური შედარების შედეგად განვითარებული შფოთვა. ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე ხშირად ზიანდება ძილი, თვითშეფასება და ემოციური კეთილდღეობა. ამიტომ თანამედროვე ფსიქოლოგია ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ეკრანის დროზე, არამედ თვითრეგულაციისა და ციფრული ჰიგიენის განვითარებაზე.“- ამბობს მაგდა კოტრიკაძე.
მისივე თქმით, მოზარდისთვის მნიშვნელოვანია ძილის ფაზები და თუ ის 11-დან ღამის 2 საათამდე ძილის მდგომარეობაში არ არის, ორგანიზმში სათანადო რაოდენობის მელატონინი არ გამომუშავდება, რაც მის ფსიქიკურ მდგრადობას აზიანებს და ორგანიზმში მაღალი შფოთვა ვეღარ რეგულირდება.
ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელის მაია ჩხაიძის თქმით, მასთან მიდიან მოზარდები, რომლებსაც კოგნიტური პრობლემები აქვთ - დაქვეითებულია სწავლის უნარები, არიან დაღლილები და მუდმივად მოთენთილები. ეს კი აისახება ბავშვის როგორც მის ჯანმრთელობაზე, აკადემიურ მოსწრებაზე. ექიმის განცხადებით, ეკრანზე დამოკიდებულება ამ სიმპტომების ერთ-ერთი ფაქტორია.
პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმდენად მწვავეა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში უკვე შეზღუდვებზე დაიწყეს ფიქრი. საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საფრანგეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელშიც მსგავსი ტიპის აკრძალვა ამოქმედდება.
სოციალური ქსელების, ინსტაგრამის, ტიკტოკის და იუთუბის ჭარბად გამოყენების შეზღუდვას უერთდება დიდი ბრიტანეთიც. ბიბისის ინფორმაციით, მომავალი წლიდან, 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამის საათებში სოციალური მედიის გამოყენებისთვის ე.წ. კომენდანტის საათის“ დაწესება იგეგმება. შეზღუდვა შუაღამიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს.





