ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი მონაცემებით, 2011–2025 წლებში მსოფლიოში საგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობა 21%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ავტომობილების რაოდენობა მილიარდზე მეტით გაიზარდა.
ამასთან, როგორც ჯანმო აღნიშნავს, ამ პროგრესის მიუხედავად, 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს მილიონ 160 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5–29 წლის ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში საგზაო ტრავმები კვლავ სიკვდილის მთავარი მიზეზია.
გაეროს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ახალი პოლიტიკური დეკლარაცია, რომლის მიზანია 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მძიმე დაზიანებების 50%-ით შემცირებაა 2021 წლის დონესთან შედარებით.
დოკუმენტი ითვალისწინებს უსაფრთხო გზების, უფრო მკაცრი კანონმდებლობის, მონაცემთა უკეთ შეგროვების, უსაფრთხო ავტომობილებისა და ეფექტიანი გადაუდებელი დახმარების სისტემების განვითარებას.
ჯანმო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქვეითების, ველოსიპედისტებისა და მოტოციკლისტების უსაფრთხოებაზე. ორგანიზაციის შეფასებით, სერტიფიცირებული მოტოჩაფხუტის გამოყენება ავარიის დროს სიკვდილის რისკს ექვსჯერ ამცირებს.
ამასთან, რეგიონებს შორის პროგრესი არათანაბარია: ევროპაში სიკვდილიანობა 36%-ით შემცირდა, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში — 15%-ით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში — 2%-ით, ამერიკის რეგიონში ცვლილება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა, ხოლო აფრიკის რეგიონში სიკვდილიანობა 17%-ით გაიზარდა.





