კიბოს დამარცხების მაჩვენებელი არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღესაა. ამის შესახებ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თუმცა, განცხადებაში ისიცაა ნათქვამი, რომ გადარჩენის შანსებს კვლავაც განსაზღვრავს ის, თუ სად ვცხოვრობთ, რა შემოსავალი გვაქვს და რამდენად სწრაფად მიგვიწვდება ხელი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე. ამ უთანასწორობას,  ჯანმოს შეფასებით, სისტემური ხასიათი აქვს.

„WHO-ს ახალი ანგარიში „კიბოს გლობალური მდგომარეობის შესახებ 2026“ აღწერს მზარდ და შემაშფოთებელ განსხვავებას: ძუძუსა და ბავშვთა ასაკის კიბოს ახალი შეფასებები აჩვენებს, რომ ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 85%-ს აჭარბებს, მაშინ, როცა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 30%-ზე ნაკლებია.

ბევრი ადამიანი დაბრკოლებას მკურნალობის დაწყებამდე ბევრად ადრე აწყდება, დაგვიანებული დიაგნოსტიკიდან დაწყებული, სპეციალიზებული სერვისების დეფიციტითა და ხელმიუწვდომელი სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული.

კიბოსთან ბრძოლა მხოლოდ უკეთესი მედიკამენტების ან ტექნოლოგიების შექმნა როდია. ეს უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების შენებას ნიშნავს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიო მოსახლეობის 92%-ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მოუწევს ამ დაავადებასთან შეხება - საკუთარი ან ოჯახის წევრის ავადმყოფობის დროს.

„WHO ევროპის რეგიონში, 2024 წლის მონაცემებით, კიბოს დაახლოებით 4,7 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელმა 2,16 მილიონს მიაღწია. ვარაუდობენ რომ ამ რეგიონში, 75 წლის ასაკამდე ყოველი მეოთხე ადამიანი დაავადდება კიბოთი.

არადა, ჩვენს რეგიონში კიბოს შემთხვევათა 35%-ზე მეტის თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია!

ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილონ დაავადება, უზრუნველყონ მისი ადრეული გამოვლენა, გააუმჯობესონ ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა და აღმოფხვრან ის უთანასწორობა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს პაციენტების გადარჩენის შანსებს,“ - აღნიშნავს ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობა.