ბიოქიმფარმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის 2026 წლის ანგარიშში მოხვდა, რომელიც ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალურ პრობლემასა და ამ კრიზისის გადაჭრის გზებს ეძღვნება.
როგორც ცნობილია, ანტიბიოტიკების ჭარბი და არარაციონალური გამოყენება მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია, 2050 წლისთვის კი ათეულობით მილიონს გადააჭარბებს, იმავე ტემპით განვითარების შემთხვევაში. დღესდღეობით, აღნიშნული გამოწვევის დროს ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ალტერნატივაა ბაქტერიოფაგები (ფაგები), რომლებიც ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით მიზანმიმართულად ანადგურებენ მხოლოდ მავნე ბაქტერიებს, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებს და არ აზიანებენ ადამიანის ორგანიზმში არსებულ სასარგებლო მიკროფლორას.
რაც შეეხება ანგარიშს, მასში ფაგიო-სა და ფაგების მწარმოებელი კომპანია ბიოქიმფარმი დასახელებულია, როგორც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია საქართველოს პოტენციალი ფაგოთერაპიის განვითარების მიმართულებით.
EBRD-ის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბიოქიმფარმის საწარმოს მოდერნიზაციას, საერთაშორისო GMP სტანდარტის შესაბამისად, რომელიც 2023 წელს EBRD-ისა და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განახლდა 1934 წელს დაარსებული მსოფლიოში პირველი ფაგების საწარმო, რომელიც დღეს საერთაშორისო GMP სტანდარტის, მაღალტექნოლოგიურ, ბიოფარმაცევტულ წარმოებად არის გარდაქმნილი.
ანგარიშის მიხედვით, საწარმოს მოდერნიზაციამ ბიოქიმფარმს მისცა შესაძლებლობა გაზარდოს წარმოების მასშტაბები და კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ფაგოთერაპიის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
„ჩვენთვის, როგორც ანტიბიოტიკრეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში EBRD-ის პარტნიორისთვის, დიდი პატივია ჩვენი განვლილი გზის ასეთი აღიარება. განსაკუთრებით გვახარებს, რომ EBRD-ისა და ჩვენი სხვა პარტნიორების მხარდაჭერით მოხდა 1934 წელს დაარსებული მსოფლიოში პირველი ფაგების საწარმოს მაღალტექნოლოგიური მოდერნიზება და ინოვაციურ წარმოებად გარდაქმნა. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, GMP ფაგები და ფაგოთერაპია კიდევ უფრო მეტ პაციენტამდე მივიტანოთ და გლობალურ დონეზე შევუწყოთ ხელი ანტიბიოტიკრეზისტენტობის გამოწვევასთან ბრძოლას“, - განაცხადა ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა.





