საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს „იმერმედი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა.

სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტომ კომპანიისგან ინფორმაცია გამოითხოვა. ეკონომიკურმა აგენტმა სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარუდგინა და უწყებასთან არ ითანამშრომლა. მოგვიანებით, კომპანიამ სააგენტოს განმეორებითი მოთხოვნაც უგულებელყო.

შესაბამისად, ეკონომიკური აგენტი ორჯერ, ჯამში 8 000 ლარით დაჯარიმდა.

კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვოს საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია და განსაზღვროს მისი მიწოდების გონივრული ვადა.

სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, აგრეთვე სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იურიდიული პირი 3 000, ხოლო ფიზიკური პირი 1 000 ლარით ჯარიმდება. ჯარიმის დაკისრება პირს მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

ამასთან, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დამატებით 5 000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს - 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება.
შეგახსენებთ, რომ საუბარია მონიტორინგზე, რომელმაც სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდის მიზეზები უნდა დაადგინოს. 


მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველი  საქსტატის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაციაა, რომლის მიხედვით, 2025 წლის ივლისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამედიცინო მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა.

სააგენტომ პირველ ეტაპზე დაიწყო ინფორმაციის გამოთხოვა მხოლოდ სტაციონარული დაწესებულებებისგან, კერძოდ - სამედიცინო მომსახურების მიწოდების კონკრეტული არხების მეშვეობით მიღებული შემოსავლებისა და მომსახურებების ფასების შესახებ.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი სტაციონარული სტატუსი 170, ხოლო ამბულატორიული სტატუსი 2285 კომპანიას გააჩნია. აღნიშნული 170-დან კი მხოლოდ  „იმერმედი“ აღმოჩნდა, რომელმაც კონკურენციის სააგენტოს ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ მიაწოდა. მონაცემების მიღების მექანიზმის მომდევნო ეტაპი უკვე სასამართლოა. 

რაც შეეხება თავად მონიტორინგს, ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტო სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული მონაცემების შესწავლას იწყებს.