ზაფხულის სიცხეები პიკურ მაჩვენებლებს უახლოვდება. შესაბამისად, იზრდება რისკებიც, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გადამტან პარაზიტებს უკავშირდება. თემაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სიუჟეტი მოამზადა, როლის თანახმადაც, სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოსახლეობას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საფრთხის შემთხვევაში. მათი განმარტებით, ტკიპას შეუძლია, ადამიანის კანის დაზიანებით მის ორგანიზმში შეიყვანოს ბაქტერია, რომელიც  ლაიმის დაავადებას, იგივე ბორელიოზს იწვევს.  ესაა დაავადება, რომელიც  სახსრებისა და ნერვული სისტემის პრობლემებთანაა დაკავშირებული. ტკიპა ასევე შეიძლება გახდეს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გამავრცელებელიც.  იშვიათ შემთხვევებში, ტკიპები ენცეფალიტის გადამტანებიც არიან, რასაც ნერვული სისტემის სერიოზული დაზიანება მოსდევს. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან აცილება საკმაოდ მარტივი ზომების მიღებითაა შესაძლებელი. 
დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, ტკიპის კანთან მოხვედრის თავიდან ასაცილებლად უნდა მოვერიდოთ მაღალ ბალახებში სიარულს და გადაადგილებისთვის გაკვალული ბილიკები შევარჩიოთ. ასევე მნიშვნელოვანია სხეულის მაქსიმალურად დაცვა ტანსაცმლით. ბუნებაში ყოფნის შემდეგ კი ტანსაცმელი და პირადი ნივთები კარგად უნდა დავათვალიეროთ, ხოლო სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შეთხვევაში, ის მალევე, პინცეტით უნდა მოვიცილოთ. პინცეტი ტკიპას კანთან რაც შეიძლება ახლოს უნდა ჩავჭიდოთ და მკვეთრი მოძრაობით ამოვიღოთ, შემდეგ კი დაზიანებული ადგილი საფუძვლიანად დავიმუშავოთ სპირტით ან საპნიანი წყლით.
ინფექციონისტების თქმით, ტკიპის კბენის შემთხვევების უმეტესობა უსაფრთხოა, რადგან ყველა ტკიპა არაა დაინფიცირებული. თუმცა, რადგან სერიოზული პრობლემების რისკი არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ და რეკომენდაციები ზედმიწევნით შევასრულოთ.  კერძოდ, თუკი ტკიპის სათანადოდ მოცილების შემდეგ, კბენიდან სამი დღის განმავლობაში დაზიანებულ ადგილას შევამჩნევთ სიწითლეს, გვექნება სიცხე ან სხვა სიმტპომები, ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მივმართიოთ. ასეთ შემთხვევაში ტარდება სპეციალური მკურნალობა ანტიბიოტიკების გამოყენებით, რასაც, შესაძლოა, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდეს.
ექიმების თქმით, მწერების ნაკბენების შედეგად დაავადებების შემთხვევები ყოველწლიურად აღინიშნება. მათივე ინფორმაციით, ზაფხულის დადგომასთან ერთად შემთხვევები წელსაც გაიზარდა, თუმცა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ზრდა არ არის და არც განგაშის საფუძველი არსებობს. თუმცა სერიოზული რისკებიდან გამომდინარე, სიფრთხილის გამოჩენა და ექიმების ყველა რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია.