თუ ოჯახში წლამდე ასაკის ბავშვია, ზღვის კურორტზე დასასვენებლად წასვლა ამ ოჯახის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს - ამის შესახებ თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„თუ 6 თვემდე ასაკის დ წლამდე ბავშვი გყავთ, ზღვის კურორტი თქენი არჩევანი არ უნდა იყოს, რადგან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ძალიან სარისკოა,“ - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ზაფხულის სეზონზე ჰიგიენური და სანიტარული წესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ - კერძოდ, ხილ-ბოსნტეული გავრეცხოთ გამდინარე წყლით, ხორცპროდუქტები დავამუშავოთ თერმულად და, რაც მთავარია, დავიცვათ ხელების ჰიგიენა, რაც ხელების მინიმუმ 20 წამის განმავლობაში დაბანას გულისხმობს.
გარდა ამისა, ჩხაიძის თქმით, აუზით სარგებლობისას აუცილებელია მასში ჩასვლამდე შხაპის მიღება.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა მწერებისა და ტკიპების საფრთხეს. მისი რეკომენდაციაა, ბუნებაში ყოფნის შემდეგ სხეული კარგად დავითვალიეროთ და ასევე დავათვალიეროთ ბავშვიც, რათა კანზე ტკიპის მიკვრის შემთხვევაში ის დროულად აღმოვაჩინოთ. მისივე რჩევაა, რომ ბუნებაში ღია ფერის, გრძელსახელოებიანი ტანსაცმლითა და შარვლით გავიდეთ და ასევე გავიყვანოთ მცირეწლოვნები. ივანე ჩხაიძის თქმით, სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში ის დროულად უნდა მოვიცილოთ, რადგან 24-დან 48 საათის გასვლის შემდეგ ორგანიზმს უკვე საფრთხე შეიძლება დაემუქროს.
მისივე თქმით, ივნისიდან სექტემბრის პერიოდში ასევე მატულობს კოღოების, ფუტკრებისა და კრაზანების კბენით გამოწვეული გართულებების შემთხვევები.





