ბე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველადი სკრინინგული კვლევები 30 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, მათგან 5 ათასს ვირუსი გამოუვლინდა, მკურნალობაში კი 1700 ადამიანია ჩართული.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკა ადამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბე ჰეპატიტით ქვეყნის მოსახლეობის 2,7%-ია დაავადებული, რაც 80 ათასამდე ადამიანს შეადგენს. მათ შორის კი მკურნალობა 24 ათას პაციენტს ესაჭიროება.
B ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევები და სამკურნალო საშუალებები − ტენოფოვირი და ენტეკავირი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პროტოკოლით მიღებული პირველი რიგისა და სარეზერვო მედიკამენტებია.
სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 2024 წლის ივნისიდან ამოქმედდა, ითვალისწინებს ტესტირებას და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ვაქცინაციას. ხოლო თუ ვირუსი გამოვლინდება, იწყება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. იმ შემთხვევაში თუ ვირუსს უკვე დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, მედიკამენტოზური მკურნალობა იწყება.
ყველა სამედიცინო სერვისი პაციენტებისთვის უფასოა.
ექიმების თქმით, დიაგნოზის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მკურნალობის დაწყება იცავს არა მხოლოდ პაციენტს, არამედ გარშემომყოფებსაც, რადგან მკურნალობის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი მცირდება
ბე ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული ანთებაა, რომელსაც ბე ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. ხშირ შემთხვევაში პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა ესაჭიროება. ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანს სხვადასხვა გზით, მათ შორის სისხლით და სქესობრივი კონტაქტით გადაედება.
2000-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოში, ახალშობილებს ბე ჰეპატიტზე აცრა უტარდებათ. ამ პერიოდამდე დაბადებული ადამიანები კი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ექიმები მოქალაქეებს პრევენციისკენ მოუწოდებენ.





