საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.

ორმხრივ შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა, რომელმაც უზბეკ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერა ხელი. მინისტრის განცხადებით, ეს შეთანხმებები ორივე ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს.

 „უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დოკუმენტებს მოეწერა ხელი საქართველოსა და უზბეკეთის შესაბამის უწყებებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც და იმავდროულად უზბეკეთისთვისაც, ვინაიდან რეალურად ეს იქნება ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი აი ამ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ორივე მხარისთვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო აქტიურად გეგმავს დაწყებული პროცესის გაგრძელებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

„ვფიქრობ, რომ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი ამ მიმართულებით, ეს უნდა აღინიშნოს და ვფიქრობ, რომ ყველასთვის სასარგებლო იქნება ამ ორ კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორში მუშაობა და თანამშრომლობა. ამის გაგრძელებას, გაღრმავებას, ბუნებრივია, ჩვენი სამინისტრო გეგმავს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგ შესაძლებლობებს გააჩენს სამომავლოდ ასეთი განვითარებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში კვლავ გრძელდება და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან მომავალშიც არის დაგეგმილი.