ინგლისის მთავრობამ 2026 წლის 16 ივლისს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მაღალი კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა 16 წლამდე მოზარდებზე აიკრძალება. ახალი წესი ძალაში 2027 წლის აპრილიდან,კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ შევა.
აკრძალვა შეეხება სასმელებს, რომლებიც შეიცავს 150 მგ-ზე მეტ კოფეინს ლიტრზე. შეზღუდვა გავრცელდება მაღაზიებზე, ონლაინ გაყიდვებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, ასევე ავტომატურ სავაჭრო აპარატებზე.
ჩვეულებრივი დაბალკოფეინიანი გაზიანი სასმელები ამ რეგულაციაში არ ექცევა.
მთავრობის არგუმენტია, რომ ასეთი სასმელები ბავშვებსა და მოზარდებში უკავშირდება ძილის პრობლემებს, შფოთვასა და სწავლის პროცესის გაუარესებას; ხელისუფლების ინფორმაციით, ინგლისში დაახლოებით 100 000 ბავშვი ყოველდღიურად სვამს მაღალკოფეინიან ენერგეტიკულ სასმელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ინგლისის გადაწყვეტილება და არა - მთელი გაერთიანებული სამეფოსი. შოტლანდიას, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შესაძლოა, განსხვავებული პოლიტიკა ჰქონდეთ.
ქვეყანაში ბევრ სუპერმარკეტს 16 წლამდე ასაკისთვის მსგავსი შეზღუდვა ნებაყოფლობით ჰქონდა, მაგრამ ახლა იგეგმება ეს მოთხოვნა კანონით სავალდებულო გახდეს.





