ევროპა რეკორდულ სიცხეს ებრძვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცი კი აცხადებს, რომ მომავალი ზაფხულები კიდევ უფრო ცხელი იქნება.
ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს ჰენრი კლუგეს, განცხადებით, „ეს სიცხის ტალღა მხოლოდ გენერალური რეპეტიციაა.“
მისი თქმით, ევროპა მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად თბება, ამიტომ ექსტრემალური სიცხეები უკვე აღარ არის იშვიათი მოვლენა. ისინი სულ უფრო ხშირი, უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ხდება.
მიმდინარე წლის ივნისი ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თვე აღმოჩნდა. არაერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
სიცხემ გამოიწვია სიკვდილიანობის ზრდა, ასევე ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, რომ სიცხის ტალღები ჯანმრთელობის კრიზისად აღიქვან და მისთვის წინასწარ მოემზადონ. კერძოდ, შექმნან სიცხეზე რეაგირების გეგმები, გააძლიერონ ადრეული გაფრთხილების სისტემები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს — ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ბავშვებსა და ღია ცის ქვეშ მომუშავე პირებს.
ჯანმოს შეფასებით, კლიმატის ცვლილების გამო ევროპაში მომავალში მსგავსი სიცხის ტალღები უფრო ხშირი და უფრო ინტენსიური გახდება. ამიტომ ქვეყნები ახალ რეალობას უნდა მოერგონ და მოსახლეობის დაცვის ღონისძიებები გააძლიერონ.





