კიბოსთან ბრძოლის შესახებ 2026 წლის გლობალური ანგარიშის თანახმად, რომელიც ჯანმოს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ მოამზადა, სიმსივნე ყოველდღიურად 26 ათასი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. დოკუმენტის მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 20,6 მილიონი ახალი შემთხვევა და 10 მილიონი გარდაცვალება ფიქსირდება, რაც კიბოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ სიკვდილიანობის მეორე ყველაზე გავრცელებულ მიზეზად აქცევს.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის, ვაქცინაციის გაფართოებისა და პრევენციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი კვლავ აწყდება სერიოზულ უთანასწორობას სიცოცხლისთვის აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე წვდომის მხრივ.
„კიბო ღრმად პირადი დაავადებაა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით თითქმის თითოეულ ჩვენგანს ეხება. თუმცა ადამიანის გადარჩენის შანსი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ სად დაიბადა ან რამდენს გამოიმუშავებს“, — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ანგარიშის მიხედვით, გადარჩენის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების შემოსავლის დონის მიხედვით. მაგალითად, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალების 87 პროცენტი დიაგნოზის დასმიდან სულ მცირე ხუთი წლის განმავლობაში ცოცხლობს. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 42 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, მსოფლიოს ქვეყნების მესამედზე ნაკლებშია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში. ამის გამო ბევრი პაციენტი ვერ იღებს აუცილებელ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პალიატიურ დახმარებას.
ჯანმო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაავადების მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე. კიბოსთან დაკავშირებულმა პირველმა გლობალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაავადებულთა სულ მცირე 45 პროცენტი სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს განიცდის; ნახევარზე მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს.
ფილტვის კიბო კვლავ რჩება ონკოლოგიურ დაავადებებს შორის სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად.
მამაკაცებში ყველაზე გავრცელებულია ფილტვის, პროსტატისა და კოლორექტალური კიბო. ქალებში კი ყველაზე ხშირად დიაგნოზირდება ძუძუს, ფილტვისა და კოლორექტალური კიბო.
2024 წელს მსოფლიოში დაახლოებით 2,4 მილიონი ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევა და ამ დაავადებასთან დაკავშირებული 694 ათასი გარდაცვალება დაფიქსირდა.
ძუძუს კიბო ყველა ქვეყანაში გვხვდება და მისი განვითარება შესაძლებელია სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნებისმიერ ქალში, თუმცა ასაკთან ერთად რისკი იზრდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, კიბოს 10 შემთხვევიდან თითქმის ოთხი დაკავშირებულია პრევენცირებად რისკ-ფაქტორებთან.
მათ შორისაა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, სიმსუქნე, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება, ასევე ადამიანის პაპილომავირუსით (HPV) და B და C ჰეპატიტის ვირუსებით გამოწვეული ინფექციები.
ჯანმო აღნიშნავს, რომ პრევენციის ღონისძიებებმა ახალი რისკ-ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს.
„ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ტიპის კიბოს შემთხვევების შემცირებას იმ ქვეყნებში, სადაც პრევენციის პროგრამები ხორციელდება, თუმცა პროგრესი ჯერ კიდევ ძალიან ნელია“, — განაცხადა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა ელიზაბეტ ვაიდერპასმა.
მისი თქმით, ონკოლოგიური დაავადებების სტრუქტურა იცვლება: სულ უფრო დიდ როლს თამაშობს სიმსუქნის ზრდა, ფიზიკური უმოქმედობა, არაჯანსაღი კვება და ჰაერის დაბინძურება. ამიტომ კიბოს პრევენცია კვლავ უნდა დარჩეს პოლიტიკური პრიორიტეტების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად.
ანგარიშის ავტორები ბოლო ათწლეულის რამდენიმე მნიშვნელოვან წარმატებას აღნიშნავენ: მოწევის გავრცელების შემცირებას, ვაქცინაციის პროგრამების გაფართოებას და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას.
დღეს ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის ეროვნული გეგმა მსოფლიოს ქვეყნების 82 პროცენტს აქვს. შედარებისთვის, 2010 წელს ასეთი ქვეყნების წილი მხოლოდ 50 პროცენტი იყო.
თუმცა სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების ხელმისაწვდომობა კვლავ მკვეთრად განსხვავდება. დაბალ და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 20 პრიორიტეტული პრეპარატის ხელმისაწვდომობა მხოლოდ 9-დან 54 პროცენტამდე მერყეობს, მაშინ როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 68-94 პროცენტს აღწევს.
ჯანმოს შეფასებით, კიბოსთან ბრძოლა მხოლოდ სამედიცინო მკურნალობით არ უნდა შემოიფარგლოს — ის პაციენტებისა და მათი ოჯახების საჭიროებებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ჯანმო აცხადებს, რომ თუ ქვეყნები დაუყოვნებლივ არ გააძლიერებენ კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებებს, 2050 წლისთვის მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა წელიწადში თითქმის 35 მილიონს მიაღწიოს.





