გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია 2030 წლისთვის აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის, დასრულების შესახებ.
აღნიშნული დოკუმენტი დამტკიცდა ნიუ-იორკში გამართულ, გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე აივ/შიდსის საკითხებზე სახელწოდებით: The High-Level Meeting of the General Assembly on HIV/AIDS-ზე.
მიღებული პოლიტიკური დეკლარაციით განისაზღვრა კონკრეტული გლობალური მიზნები, მათ შორის: აივ-ის ახალი შემთხვევებისა და შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მნიშვნელოვნად შემცირება; მკურნალობასა და პრევენციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დისკრიმინაციის, სტიგმისა და უთანასწორობის შემცირება.
ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, გაზარდონ ფინანსური რესურსები და გააძლიერონ ჯანდაცვის სისტემები, რათა აივ-ის პროგრამები იყოს მდგრადი და ეფექტიანი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებების დაცვას, ქალების, ახალგაზრდებისა და აივ-ის მაღალი რისკის ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებას.
მხარდაჭერილ იქნა მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების გაძლიერება, რათა რეგულარულად შეფასდეს ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.
შეხვედრას საქართველოდან ესწრებოდა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, პროფესორი აკაკი აბუთიძე.
მან საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს წარმატებული გამოცდილება აივ ინფექციის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით და ისაუბრა ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყანა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული პროგრამებით და ამ სფეროში მიღწეული პროგრესით.
„აღნიშნული ფორუმი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარდგეს საკუთარი გამოცდილებით და მიღწევებით,“ - აცხადებს ცენტრი.





