„ეს არის ჩვენთვის ჩვენი შვილების ხელახალი დაბადება. ეს მედიკამენტი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ბავშვების ხარისხიან ცხოვრებაზე. დღეს, ასე უცებ არ ველოდით, იმედი გქონდა, მოლოდინიც, მაგრამ დღეს არ ველოდით და გაოგნებული ვარ“ - ამის შესახებ ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა გვანცა ჭიღლაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცისტური ფიბროზის ინოვაციური მედიკამენტის დაფინანსების შესახებ გახდა ცნობილი.
მშობლის თქმით, სახელმწიფოს გადაწყვეტილება „ტრიკაფტას“ შეძენის შესახებ ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვებისთვის ჯანმრთელობის, მომავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის, ჯანმრთელობისთვის, გადარჩენისთვის, ხარისხიანი სიცოცხლისთვის. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“ - ამბობს გვანცა ჭიღლაძე.
ცისტური ფიბროზის მქონე კიდევ ერთი ბავშვის მშობლის, გოგა ბერიძის განცხადებით, „ტრიკაფტას“ ხელმისაწვდომობა მშობლების, ექიმებისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგია.
„ძლიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი შვილებისთვის, მათი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი გვექნება. ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია. ამიტომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ პაციენტისთვის, ვისთვისაც ეს მედიკამენტი განკუთვნილია“ - აღნიშნა გოგა ბერიძემ.
მედიკამენტის ფასი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არ საჯაროვდება, თუმცა საჯარო წყაროების მიხედვით, აშშ-ში „ტრიკაფტას“ წლიური ღირებულება, ერთი პაციენტისთვის მილიონამდე ლარს (დაახლოებით 300 000–370 000 აშშ დოლარი) შეადგენს.





