ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ღია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) ახალი სისტემა დაინერგა.
როგორც ადგილზე აღინიშნა, ღია კონსტრუქციის მქონე MRI სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს კვლევის ჩატარების პროცესს ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის. ასევე - ჭარბწონიანი, კლაუსტროფობიისა და შეზღუდული მობილობის მქონე პაციენტებისთვის.
აღნიშნული ტექნოლოგია იძლევა უფრო კომპლექსური კვლევის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის და ექიმ-სპეციალისტებს პაციენტის მდგომარეობის უკეთ შეფასებაში ეხმარება.
მიხეილ სარჯველაძემ ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამედროვე დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაფართოება პაციენტებისთვის უფრო ზუსტი, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას ქმნის.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში ასევე იმყოფებოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, კლინიკის ექიმები და პარტნიორები.





