სინგაპურში მოქმედი Hilleman Laboratories, რომელიც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია Wellcome-ის ერთობლივი საწარმოა, ექსპერიმენტული ვაქცინის წარმოებისთვის მზადებას იწყებს. ვაქცინა მიმართულია ებოლას იშვიათი ბუნდიბუგიოს შტამის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სწრაფად ვრცელდება.
Reuters-ის ცნობით, ეპიდემიებისთვის მზადყოფნის საერთაშორისო კოალიციის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ ჰეჩეტის განცხადებით, ბუნდიბუგიოს ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება და ეპიდემია ჰუმანიტარულ კრიზისად ყალიბდება. მისი თქმით, ამ შტამის წინააღმდეგ დღემდე არც ერთი დამტკიცებული ვაქცინა არ არსებობს, რის გამოც მეცნიერები ვაქცინის კანდიდატების კლინიკურ გამოცდებში რაც შეიძლება სწრაფად გადაყვანას ცდილობენ.
2026 წლის 29 ივლისის მონაცემებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბუნდიბუგიოს შტამით 3 360 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 1 487 გარდაიცვალა.
ახალი ვაქცინა შეიმუშავა შიდსის ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივამ (IAVI). იგი დაფუძნებულია იმავე rVSV ტექნოლოგიურ პლატფორმაზე, რომლის გამოყენებითაც Merck-მა ადრე შექმნა Ervebo – ზაირის შტამის წინააღმდეგ მსოფლიოში უკვე დამტკიცებული ებოლას ვაქცინა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ გამოცდილების გამოყენება ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
Hilleman Laboratories გეგმავს, რომ 2026 წლის ბოლომდე დაამზადოს იმდენი დოზა, რომელიც საკმარისი იქნება კლინიკური კვლევების პირველი ფაზისთვის. თუ კვლევები წარმატებით დასრულდება და ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხო აღმოჩნდება, კომპანია მზად არის წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდოს და საჭიროების შემთხვევაში ათიათასობით დოზა გამოუშვას.
ამჟამად ბუნდიბუგიოს შტამის წინააღმდეგ ვაქცინას რამდენიმე სამეცნიერო ჯგუფიც ავითარებს. მათ შორის არიან ოქსფორდის უნივერსიტეტი, Moderna და სხვა საერთაშორისო პარტნიორები. პარალელურად მიმდინარეობს ექსპერიმენტული სამკურნალო პრეპარატების შეფასებაც, რადგან ამ შტამის წინააღმდეგ არც დამტკიცებული მკურნალობის მეთოდი არსებობს.
სპეციალისტების შეფასებით, ახალი ვაქცინის წარმატებით შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ მიმდინარე ეპიდემიის შესაკავებლად, არამედ მომავალში ბუნდიბუგიოს შტამით გამოწვეული აფეთქებების უფრო სწრაფად კონტროლისთვის.





