ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სილვიუ დომენტეს დამსახურებას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტურ მუშაობაში. მინისტრმა მას თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა. როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, ჯილდო, მასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფასების გამოხატულებაცაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

მხარეებმა ის რეფორმები შეაჯამეს, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციის ცენტრის გახსნას, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასა და სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის შექმნას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ და სხვა ერთობლივმა პროექტებმა, მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდა ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სილვიუ დომენტე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.

სილვიუ დომენტეს თქმით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სექტორში ბევრი კარგი რამ მოხდა.


„ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიკატი მიიღო; ასევე, საქართველოში დავაარსეთ ჰეპატიტის ელიმინაციის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციის ცენტრი. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი რეფორმები - სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის დანერგვით დაწყებული, გაგრძელებული პირველადი ჯანდაცვის ფართომასშტაბიანი რეფორმით, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და ფართოვდება. ამასთან, მედიკამენტებზე ფასების რეგულირებამ, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლეობისთვის აუცილებელ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, განხორციელდა არაერთი ახალი და თანამედროვე ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზებას ემსახურება, მათ შორის — დიგიტალიზაცია, ციფრული ჯანმრთელობის განვითარება, ტელემედიცინა. ასევე სარეაბილიტაციო სერვისებისა და დამხმარე ტექნოლოგიების განვითარება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკფაქტორების მართვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი პროგრესია თამბაქოს კონტროლის, ასევე სხვა რისკფაქტორების შემცირების კუთხით. მაგალითად, ტრანსცხიმების აღმოფხვრის ბოლოდროინდელი ინიციატივები, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, მარილის მოხმარების შემცირება და ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია. ამ ყველაფრის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, საქართველოს ეს მიღწევები მივულოცო. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას — ჯანდაცვის სამინისტროს, მის გუნდს, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებსა და ყველა იმ ექსპერტს, რომლებთანაც ამ შვიდი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდი,“ - განაცხადა სილვიუ დომენტემ.