28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფო სრულად აფინანსებს C და B ჰეპატიტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ჰეპატიტების მართვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებას სწორედ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

კერძოდ, C ჰეპატიტის პროგრამით მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულები /მსჯავრდებულები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად, ასევე  პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან/და აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში  ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი.

C ჰეპატიტის პროგრამა ითვალისწინებს მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი დიგნოსტიკური კვლევების ჩატარებას, C ჰეპატიტის მკურნალობას (მედიკამენტებით უზრუნველყოფა);

• მკურნალობის პროცესის მონიტორინგის კვლევებს.

2019 წლის 1 აგვისტოდან პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩართვამდე საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, მკურნალობა (მედიკამენტები) და მკურნალობის პროცესში მონიტორინგის კვლევები, 100%-ით ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.

პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ დონორული მხარდაჭერით მიღებული უახლესი თაობის პანგენოტიპური ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები უფასოდ იღებენ ანტივირუსულ მედიკამენტს - რიბავირინს. 

მთელი საქართველოს მასშტაბით, ბენეფიციარებს ემსახურება 40 სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, გამარტივდა პაციენტის C ჰეპატიტის პროგრამაში რეგისტრაციის პროცესი: პაციენტი, რომელსაც ჩატარებული აქვს კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით და მიღებული აქვს დადებითი პასუხი, მიმართავს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელიც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, დაარეგისტრირებს პაციენტს C ჰეპატიტის მკურნალობის ერთიან ელექტრონულ სისტემაში და უზრუნველყოფს აქტიური ინფექციის კონფირმაციისთვის საჭირო კვლევის ჩატარებას.

კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხის შემთხვევაში, სერვისის მიმწოდებელი ახდენს პაციენტის ინფორმირებას დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების თაობაზე.

მკურნალობის პროცესში, პაციენტს უტარდება მონიტორინგის კვლევებიც.

კლინიკების ჩამონათვალი და მეტი დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 

https://nha.moh.gov.ge/ge/c/Chepatiti

 

 რაც შეეხება B ჰეპატიტის მართვის პროგრამას, ის ითვალისწინებს მკურნალობაში ჩასართავ ბენეფიციართა გამოვლენას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას (B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა) და მკურნალობის პროცესის მონიტორინგს.

 

მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, მკურნალობა (მედიკამენტები) და მონიტორინგის კვლევები სრულად (100%) ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.

პროგრამის დიაგნოსტიკის და/ან მკურნალობის კომპონენტში ჩასართავად პაციენტი მიმართავს სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას, რომელიც მას დაარეგისტრირებს შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.

იმისდა მიხედვით, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველოს მოქალაქე (დიაგნოსტირებულია თუ არა, ნამკურნალევია თუ არა), განსხვავდება პროგრამაში ჩართვის მეთოდები.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და კლინიკების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://nha.moh.gov.ge/ge/c/B-hepatiti