2030 წლისთვის  საქართველოს გზებზე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა, 2025 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 25%-ით უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს 2026 − 2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა და ძალაში მიმდინარე წლის 5 აგვისტოს შევიდა. 

დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის მაჩვენებლით, ავტოავარიების შედეგად 8191 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა 469 პირი. 

შესაბამისად, 2030 წლისთვის დაშავებულთა რაოდენობა 6 ათასამდე მაინც უნდა ჩამოვიდეს, დაღუპულთა რიცხვი კი - 350-მდე. 

ზოგადად კი, სტრატეგია „ნულოვანი დანაკარგის ხედვას“ ეფუძნება, რომელიც დოკუმენტში ასეა განმარტებული: „მსოფლიო მასშტაბის საგზაო უსაფრთხოების განვითარების მიზანი, რომელიც 1997 წელს დაინერგა შვედეთის სამეფოში და დღეის მდგომარეობით საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის მამოძრავებელი პრინციპია. ის არის სტრატეგიული მიდგომა, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობაში ადამიანის გარდაცვალების და მძიმე ტრავმების რაოდენობის შემცირება ნულამდე.“

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2026 წლის პირველ 6 თვეში ავტოავარიებში 202 მოქალაქე დაიღუპა. წინა წელთან შედარებით მსხვეპრლი  16 ადამიანითაა შემცირებული. 


შემცირებულია დაშავებულთა რაოდენობაც.

კლების მცირე ტენდენცია დაფიქსირდა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც. თუმცა  ექსპერტები აცხადებენ, რომ ავტოპარკის რაოდენობის მაღალი ტემპებით ზრდის ფონზე, კლების ეს ტენდენცია იმედის საფუძველს მაინც ვერ იძლევა.

სტრატეგიის თანახმადვე, 2024 წელს საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი (11.8 გარდაცვალების შემთხვევა 100,000 მოსახლეზე) დაახლოებით 2.7-ჯერ აღემატებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. 
სტრატეგიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მე-2 ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.