ჩვილთა ოპტიმალური კვებისა და ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება.

მიმდინარე წლის კვირეულის მთავარი გზავნილია „ძუძუთი კვება ცხოვრების მდგრადი დასაწყისისთვის: გავაძლიეროთ ის, რაც მუშაობს!“ კვირეულთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ პროექტზე, რომელიც დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას, მათ ოპტიმალურ ზრდა-განვითარებასა და დედის რძის ბანკით უზრუნველყოფას გულისხმობს. კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სამშობიაროებში დაწესებულებებში, ორსულებსა და ახალბედა დედებს საინფორმაციო ბროშურები გადასცეს, სადაც დეტალურადაა განმარტებული ჩვილებისთვის ძუძუთი კვების მნიშვნელობა. ექიმების განმარტებით, ის უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებას. ამასთანავე, ძუძუთი კვებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს დედის ჯანმრთელობისთვისაც.