ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, მას ბავშვები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან უკვე მიიღებენ და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყება მკურნალობა.

მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

“დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ „ჯინივოსტატის“ შეძენის შესახებ.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მიახლოებითი გათვლებით, ამ მედიკამენტს დაახლოებით 30 ბავშვი მიიღებს. მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები სხვა მედიკამენტების მიმართულებითაც მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული მედიკამენტები არ დაუსახელებია.