ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ რეალიზაციიდან ამოღებულ პროდუქტებს შორის ყველაზე ხშირად ე.წ. ტყლარწები გვხვდება. უწყების მონაცემებით, ბოლო პერიოდში ამოღებულ პროდუქტებს შორის არის ტყლარწების სხვადასხვა სახეობა, მათ შორის: იასამნისფერი და ოქროსფერი ტყლარწები, რომელშიც აღმოჩენილია კარცენოგენული, მუტაგენური ან ტოქსიკური რეპროდუქციის (CMR) ნივთიერება დასაშვებზე მაღალი შემცველობით.

პროდუქტის წარმოშობის ქვეყანა უცნობია. ამოღებულია იგივე შემადგენლობის სხვა ტყლარწებიც. ასევე ბაზრიდან გამოთხოვილია რბილი სათამაშოები, რომელთა ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. ამოღებულია ასფიქსიის საფრთხის შემცველი არაერთი სათამაშო.


2025 წლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით 185 შემოწმებული სათამაშოდან 106 საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. შედეგების თანახმად, ყველაზე საშიში გასართობი ბავშვებში პოპულარული ტყლარწია. შესამოწმებლად აღებული 86 ნიმუშიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში - 80 მათგანში საშიში ქიმიური ნივთიერების მაღალი შემცველობა გამოვლინდა. ასეთივე დარღვევები აღმოჩნდა ლატექსის ბუშტებში. 


როგორც სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მსგავსი დარღვევები წელსაც ფიქსირდება და ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები ბაზარზე ისევ იყიდება.