ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სკრინინგის პროგრამების პირველ ეტაპზე, 16 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი დაფიქსირდა - მომსახურებით 64 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად და მოცვის გასაზრდელად, მასშტაბური კამპანია სექტემბრიდან განახლდა და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ამავდროულად, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრში კიბოს სკრინინგის ხელშეწყობის მიმართულებით აქტივობები გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს კიბოს ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ეროვნულ პროგრამებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
ღონისძიების ფარგლებში, ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრში სამიზნე ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სახელმწიფო პროგრამით უფასოდ ესარგებლათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით.ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის პერსონალისთვის სამუშაო სემინარი - „ეფექტური კომუნიკაცია კიბოს სკრინინგის ხელშეწყობისთვის“ ჩატარდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოჯახის ექიმის ფუნდამენტურ როლზე პაციენტთა კონსულტაციის პროცესში, კერძოდ, სკრინინგის საჭიროების სწორად განმარტებაზე, არსებული ფსიქოლოგიური თუ ინფორმაციული ბარიერების იდენტიფიცირებასა და სამედიცინო სერვისების დროულად მიღების უზრუნველყოფაზე.ამასთანავე, ონკოპაციენტებთან საინფორმაციო შეხვედრა - „ინფორმაციიდან მოქმედებამდე“ გაიმართა. სესიის მთავარ ამოცანას მონაწილეთათვის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციულ პროგრამებში მათი აქტიური ჩართულობა წარმოადგენდა.ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრი მთელი წლის განმავლობაში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) მოსახლეობას შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფს. სამიზნე ჯგუფებს წინასწარი რეგისტრაციით, მათ შორის ოჯახის ექიმის მეშვეობით, შეუძლიათ დაჯავშნონ ვიზიტი და ადგილზე, სახელმწიფო პროგრამით, უფასოდ ჩაიტარონ კვლევები




