საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ესთეტიკური მედიცინის ჰაბი გახდეს, რის საფუძველსაც შედარებით დაბალი ფასები და მომსახურების მაღალი ხარისხი ქმნის.
ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ სტუმრობისას „ნინო კანდელაკის ესთეტიკის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნინო კანდელაკმა განაცხადა.
მანვე ისაუბრა იმის შესახებ, რომ სფეროში აუცილებელია რეგულაციების ამოქმედება, რათა მომხმარებლები და ზოგადად, ბაზარი დაბალხარისხიანი მომსახურებისგან დაცული იყოს.
ნინო კანდელაკის თქმით, საქართველოში ესთეტიკური მედიცინა საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მზარდი სფეროა, რომელიც ვითარდება და მომავალში კიდევ უფრო მეტად განვითარდება, რადგან ადამიანებმა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ისწავლეს და აღნიშნულ სერვისებზე მიმართვიანობა სულ უფრო იზრდება.
„გარდა იმისა, რომ ხარისხზე და ექიმების განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები, ტექნოლოგიები ძალიან შემოჭრილია ამ სფეროში და მათ ალღო უნდა ავუღოთ, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ. ამასთან, სფეროში ცოტა ქაოსია, რადგან ეს სფერო გარკვეულ რეგულაციებს მოითხოვს და იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როცა ეს რეგულაციები ამოქმედდება. ეს საჭიროა, რათა მაქსიმალურად იყოს გაფილტრული ხარისხი უხარისხობისგან და ცოდნა უცოდინრობისგან,“ - განაცხადა ნინო კანდელაკმა.
მისივე თქმით, საქართველოს, ტერიტორიული მდებარეობის და სტუმარმასპინძლობის ტრადიციიდან გამომდინარე, შეუძლია იყოს ესთეტიკური მედიცინის ჰაბი, რადგან ჰყავს კვალიფიციური კადრები, რომლებიც კვალიფიკაციას იმაღლებენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
„გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ძალიან დიდი ინფორმაცია, ვიყოთ ის ქვეყანა, რომელიც სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ფასებს კუთხითაც ჩვენი მომსახურება შედარებით დაბალბიუჯეტურია, თუმცა ხარისხი ძალიან მაღალია,“ - აღნიშნა კანდელაკმა და დასძინა, რომ ბოლო წლებში მომხმარებლის ქცევა შეიცვალა - ისინი ბუნებრიობას ახლა უფრო მეტად ითხოვენ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. შესაბამისად, ვითარდება რეგენერაციული მედიცინა, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივია.





