ტყის ხანძრების მასშტაბებისა და სიხშირის ზრდის ფონზე, გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც მიუთითებს შესაძლო კავშირზე ორსულობის დროს ხანძრების კვამლში არსებული მავნე ნაწილაკების ზემოქმედებასა და ამ ქალების შვილებში აუტიზმის განვითარებას შორის.

როგორც Reuters-ი წერს, ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, ორსულობის დროს ტყის ხანძრების კვამლის ზემოქმედება, განსაკუთრებით ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში, ბავშვებში აუტიზმის დიაგნოზის დასმის გაზრდილ რისკთან იყო დაკავშირებული.


სტატიის თანახმად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეერთებულ შტატებში აუტიზმის დიაგნოზების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გააძლიერა საზოგადოების შეშფოთება იმ ფაქტორების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს აუტიზმის გავრცელებაზე.

ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მოიცავდა Medicaid-ის პროგრამაში ჩართულ 893 212 დედისა და ბავშვის წყვილს. Medicaid აშშ-ის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაა, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს. კვლევაში მონაწილე ბავშვები შეერთებული შტატების სხვადასხვა რეგიონში 2007-2014 წლებში დაიბადნენ.


მკვლევრებმა შეაფასეს ტყის ხანძრების კვამლის ყოველკვირეული კონცენტრაცია თითოეული დედის საცხოვრებელი საფოსტო ზონის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჰაერში არსებულ წვრილ ნაწილაკებს, რომელთა დიამეტრი 2,5 მიკრომეტრს ან ნაკლებს შეადგენდა და რომელთა ჩასუნთქვაც შესაძლებელია.


მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ორსულობის დროს ტყის ხანძრებთან დაკავშირებული წვრილი ნაწილაკების საშუალო კონცენტრაციის ყოველი 0,75 მიკროგრამით ზრდა ჰაერის ერთ კუბურ მეტრზე ბავშვისთვის 8 წლამდე ასაკში აუტიზმის დიაგნოზის დასმის 30%-ით გაზრდილ რისკთან იყო დაკავშირებული.


ამასთან, აღინიშნა, რომ ტყის ხანძრების გარდა სხვა წყაროებიდან წარმოქმნილი წვრილი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურება აუტიზმის დიაგნოზის რისკის უფრო მცირე ზრდასთან იყო დაკავშირებული.


კვლევა დაკვირვებით ხასიათს ატარებდა და ვერ ამტკიცებს, იწვევს თუ არა ტყის ხანძრის კვამლი აუტიზმს ან რა მექანიზმით შეიძლება ეს მოხდეს. გარდა ამისა, კვლევა შეეხებოდა Medicaid-ის პროგრამაში ჩართულ პირებს, რამაც შესაძლოა შეზღუდოს მიღებული შედეგების გავრცელება უფრო ფართო მოსახლეობაზე, რადგან მათსა და ზოგად მოსახლეობას შორის, სავარაუდოდ, სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებები არსებობს.

მიუხედავად ამისა, მკვლევრები ორსულ ქალებს ურჩევენ, ყურადღებით იყვნენ ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაციის მიმართ, კვამლის გავრცელების პერიოდში შეზღუდონ გარეთ ყოფნის დრო, გაეცნონ ჰაერის ხარისხის შესახებ ადგილობრივ ცნობებს და დაბინძურების მაღალი დონის დროს დაიცვან რეკომენდაციები, რომლებიც მოწყვლადი ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი.


ზოგადად, ტყის ხანძრის კვამლი ჩვეულებრივ ჰაერის დაბინძურებაზე უფრო ტოქსიკურია. ის შეიძლება კვირების განმავლობაში დარჩეს ჰაერში და ათასობით კილომეტრზე გავრცელდეს. კვამლის ნაწილაკებს შეუძლიათ ფილტვების ღრმა ნაწილებში შეღწევა და მთელ ორგანიზმში ანთებითი პროცესების ხელშეწყობა.

„ზემოქმედება შესაძლოა მაშინაც მოხდეს, როდესაც კვამლი ხილული არ არის“, — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა სტეფანია პაპათეოდოროუმ.


ის მოუწოდებს ჯანდაცვის სპეციალისტებს, ორსულთა რუტინული სამედიცინო მეთვალყურეობის დროს გარემოსთან დაკავშირებული საფრთხეების განხილვაც გაითვალისწინონ.