მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, განხორციელებული ღონისძიებები და ელიმინაციის პროცესში არსებული მნიშვნელოვანი შედეგები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ვალიდაციის პროცესს, რომლის მიზანიც C ჰეპატიტისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის დასადასტურებლად საჭირო კრიტერიუმებთან საქართველოს მიღწევების შეფასებაა.
მხარეებმა ჰეპატიტების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხებიც განიხილეს, ასევე იმსჯელეს ქვეყანაში წარმატებით დანერგილ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოში მიღწეული პროგრესი ეფუძნება თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, ძლიერ საერთაშორისო პარტნიორობასა და ქართველი ექიმების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების მრავალწლიან პროფესიულ საქმიანობას.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ელიმინაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ჟოაო ბრედას განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყანათაგანია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს C ჰეპატიტის ელიმინაციას, ასევე დედიდან შვილზე B ჰეპატიტის გადაცემის პრევენციას. ეს საქართველოსთვის ძალიან ამბიციური და გადამწყვეტი ნაბიჯია უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებით. "საქართველო შესაძლოა გახდეს მაგალითი, რომელიც ევროპის რეგიონში ჯანმო-ს სხვა ქვეყნებსაც წაახალისებს და მოტივაციას მისცემს," - განაცხადა ბრედამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა მრჩეველმა აივ ინფექციის, ვირუსული ჰეპატიტების და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და დედიდან შვილზე გადაცემის პრევენციის საკითხებში სტელა ბივოლიმ კი აღნიშნა, რომ ამ კვირაში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ტარდება ვალიდაციის მისია, რომლის მიზანია შეფასდეს საქართველოს პროგრესი C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე და B ჰეპატიტის მიმართულებით, როგორც დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის ელიმინაციის პროგრამის ნაწილი.
მიმდინარე კვირის მისიის შედეგები წარედგინება რეგიონული ვალიდაციის კომიტეტს და საფუძვლად დაედება კომიტეტის და გლობალური ვალიდაციის გადაწყვეტილებას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად აქვს საქართველოს შესაძლებლობა, მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
"ეს პროცესი ასევე წარმოადგენს მრავალწლიანი, ათწლეულების განმავლობაში გაწეული შრომის აღიარებას.
ეს არის იმ ადამიანების ლიდერობისა და თავდადების დაფასება, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ მიმართულებით: სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, ჯანდაცვის პროფესიონალების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და თემების აქტიური ჩართულობის, ასევე ქვეყნის მასშტაბით ასობით სპეციალისტის დაუღალავი შრომის აღიარება.
ეს შედეგები ნიშნავს გადარჩენილ სიცოცხლეს, ჯანმრთელ ბავშვებს, ნაკლებ ადამიანს ღვიძლის კიბოს და ციროზის დიაგნოზით. ეს არის დიდი მაგალითი ჯანმოს ევროპის რეგიონისთვის, იმისა თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ მრავალი ქვეყანა მიყვება საქართველოს მაგალითს," - განაცხადა ბივოლიმ.





