საქართველოს სადაზღვევო სექტორში, მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მრავალწლიანი ლიდერი შეიცვალა - თუ წლების განმავლობაში ეს პოზიცია „ჯიპიაის“ ეკავა, ახლა ლიდერი „იმედი L“ -ია.  


კონკრეტულად, მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე მიზიდული პრემიების რაოდენობამ 303 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 38% „იმედი L“-ს ეკუთვნის, „ჯიპაიმ“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა ბაზრის 14%-იანი წილით, მესამე „არდია“ 10%-ით, ასევე 10% აქვს „თიბისი დაზღვევას“, თუმცა „არდიმ“ პირველ კვარტალში 30,9 მილიონი ლარი მოიზიდა, თიბისიმ კი 29,4%. 

შედარებისთვის: წინა წლის იგივე პერიოდში სამედიცინო დაზღვევის ბაზრის ლიდერობას „ჯიპიაი“ ფლობდა 27%-ით, მეორე იყო „იმედი L“ 21%-ით, 12%-ით მესამე იყო „არდი“, რომელსაც „თიბისი“ მოსდევდა 10%-იანი წილით. სულ მოზიდული პრემიების რაოდენობა კი 249 მილიონი ლარი იყო.

„იმედი L“,  მთელი სადაზღვევო ბაზრის ლიდერიც გახდა - მის მიერ პირველ კვარტალში მიზიდულმ პრემიამ 124 მილიონი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი 60 მილიონი იყო. მეორეა „თიბისი“ 82 მილიონით, „ჯიპიაი“ კი მესამე პოზიციაზეა 70 მილიონით. 


შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებზე, როგორც წესი, სახელმწიფო ტენდერების შედეგები აისახება, თუმცა სპეციალისტების ნაწილი მენეჯმენტის ეფექტიანობას უსვამს ხაზს. 

მათ შორისაა დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე, რომელიც გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში  ბაზარზე ასეთ ცვლილებას უნიკალურ შემთხვევას უწოდებს. 

"უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ბაზრის ლიდერებს შორის ისეთი გადაადგილება დაფიქსირდა, რაც ჩემს სადაზღვევო პრაქტიკაში არ მახსენდება. მესამე ადგილიდან პირველ პოზიციაზე დაწინაურების კუთხით, ეს მართლაც გამორჩეული მოვლენაა. დაზღვევა საკმაოდ კონსერვატიული ბიზნესია და მსგავსი ცვლილებები ხშირად არ ხდება. კომპანია, რომელიც ამჟამად პირველ ადგილზეა - "იმედი L" ახალი მენეჯმენტის პირობებში ახალი სტრატეგიით ოპერირებს. ეს შედეგი მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევისა და სამედიცინო ტენდერებში გამარჯვებებით არ არის განპირობებული. კომპანიამ აქტიურად დაიწყო ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვა. ნებისმიერ შემთხვევაში, კონკურენციის ზრდა მისასალმებელია", - აღნიშნავს ლაშა ნიკოლაძე.