ჩინურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Innovent Biologics-მა და ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა გლობალური ლიცენზირების და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს, რომლის ღირებულებამაც შესაძლოა 10.5 მილიარდ დოლარამდე თანხა შეადგინოს. შეთანხმება მიზნად ისახავს ადრეული ეტაპის 12 სახეობის კიბოს სამკურნალო პრეპარატების განვითარებას.
თანამშრომლობის სქემა ასეთია: Innovent-მა შექმნა და ავითარებს კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტულ პრეპარატებს, Pfizer-ი კი ყიდულობს უფლებებს, რომ ეს პრეპარატები მსოფლიოს ბაზარზე განავითაროს და გაყიდოს.
ხელშეკრულების ფარგლებში Innovent-ი დაუყოვნებლივ მიიღებს 650 მილიონ დოლარს, ხოლო დამატებით 9.85 მილიარდ დოლარამდე თანხის მიღება დამოკიდებული იქნება კლინიკური განვითარების, რეგულატორული დამტკიცებისა და კომერციული წარმატების ეტაპებზე.
თანამშრომლობა მოიცავს ანტისხეულზე დაფუძნებულ კიბოს სამკურნალო პრეპარატებს (ADC) და მრავალფუნქციურ ანტისხეულებს. პორტფელში შედის Innovent-ის მიერ შექმნილი 8 ექსპერიმენტული პრეპარატი და Pfizer-ის 4 ახალი კვლევითი პროგრამა. საწყის კლინიკურ კვლევებს Innovent ჩაატარებს, ხოლო პირველი ფაზის დასრულების შემდეგ გლობალურ განვითარებას Pfizer გადაიბარებს.
შეთანხმება სამ ნაწილადაა დაყოფილი:
4 პროგრამა კომპანიებმა ერთობლივად უნდა განავითარონ და კომერციულად გამოიყენონ, მოგების განაწილებით აშშ-სა და ევროპაში;
კიდევ 4 პროგრამაზე Pfizer მიიღებს ექსკლუზიურ უფლებებს ჩინეთის რეგიონის გარეთ;
დარჩენილი 4 პროგრამა მთლიანად Pfizer-ის გლობალური ლიცენზიის ქვეშ გადავა და განვითარების ყველა ხარჯსაც ის დაფარავს.
Reuters აღნიშნავს, რომ ეს გარიგება ასახავს დასავლური ფარმაკომპანიების მზარდ ინტერესს ჩინური ბიოტექნოლოგიური სექტორის მიმართ. 2025 წელს ჩინეთში ბიოტექ-ლიცენზირების შეთანხმებების საერთო ღირებულებამ 137.7 მილიარდ დოლარს მიაღწია — თითქმის 10-ჯერ მეტს, ვიდრე 2021 წელს.
ეს Pfizer-ის მორიგი მსხვილი ინვესტიციაა ჩინურ ონკოლოგიურ ტექნოლოგიებში. 2025 წელს კომპანიამ ასევე გააფორმა მრავალმილიარდიანი შეთანხმება ჩინურ 3SBio-სთან კიბოს იმუნოთერაპიის მიმართულებით.





