ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამებში, მომსახურების მიმწოდებლებისთვის გამკაცრებული პირობები ამოქმედდა.

ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ, შშმ პირთა საკითხზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„დავნერგეთ მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის ახალი წესი. ჩვენ ბოლო წლებში ძალიან გაგვეზარდა მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების რაოდენობა. ამან განაპირობა ის, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში გვაქვს მომსახურებები, სადაც ასეულობით თავისუფალი ადგილია. როცა გავაანალიზეთ ეს სიტუაცია, თავს უფლება მივეცით, შემოგვეღო რეგისტრაციის განსხვავებული პროცედურები ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლებიც ამ პროცესში ახალი შემოსულია. თუ მომსახურება არ არის დეფიციტური - ანუ დაფარულია ყველა ბენეფიციარის საჭიროება და უფრო მეტიც - გვაქვს თავისუფალი ადგილები -  ახალ ორგანიზაციას ვთხოვთ, დააკმაყოფილოს იმაზე მეტი სტანდარტები, ვიდრე ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ეს ნიშნავს, რომ მან უნდა გვაჩვენოს, რომ მას ექნება მომსახურების უფრო მაღალი ხარისხი. ესეც არ არის საკმარისი. მან უნდა გვაჩვენოს, რომ მის მიერ შემოთავაზებული ინოვაციური მიდგომები კონკრეტული ბენეფიციარების - ამ შემთხვევაში შშმ პირების მდგომარეობაზე დადებითად აისახება. 


ეს პროცესი ჩვენი მხრიდან ძალიან სერიოზულ მონიტორინგს დაექვემდებარება და თუ ორგანიზაციის მიერ არ შესრულდება მის მიერ მოცემული დაპირებები, მას რეგისტრაცია გაუუქმდება. გვესმის, რომ ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტის ჩასატარებლად,“ - განაცხადა ირინე წაქაძემ.