ეს გამაგრილებელი შეგრძნება უვნებელი სულაც არაა - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი პროდუქტების საფრთხეზე საუბრისას აღნიშნავს.,

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,

გამაგრილებელი ნივთიერებები, როგორიცაა მენთოლი, თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტებს ემატება სიმწარის დასაფარად, რის შედეგადაც მათი ჩასუნთქვა უფრო მარტივი ხდება და მოხმარებაც უფრო ხშირდება.

„ზოგიერთ დანამატს შეუძლია შეცვალოს ორგანიზმის მიერ ნიკოტინის ათვისების პროცესი, რაც დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ზოგი დანამატი კი კანცეროგენი ან ტოქსიკურია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

ტრადიციული სიგარეტებისგან განსხვავებით, ბევრი ელექტრონული სიგარეტის გამოყენება შესაძლებელია უწყვეტად და ამით უფრო იზრდება ნიკოტინთან და მავნე გამონაბოლქვთან შეხება.

თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს პროდუქტები შექმნილია არა უბრალოდ გემოსთვის, არამედ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო თამბაქოსა და ნიკოტინის ახალ პროდუქტებში არომატიზატორების გამოყენების აკრძალვას განიხილავს, რადგან  მათ ამ პროდუქციის მიმზიდველობისა და პრომოციისთვის იყენებენ, რაც ახალგაზრდებში აღნიშნული პროდუქტისადმი დაინტერესებას ზრდის.