ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჰანტავირუსის ახალი შემთხვევები უკვე დაახლოებით სამი კვირაა არ დაფიქსირებულა და სიტუაცია კვლავ სტაბილურია.
მისი თქმით, ჯანმოსთვის შეტყობინებული შემთხვევების რაოდენობა 13-ზე რჩება. ასევე, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3-ს შეადგენს. ერთ თვეზე მეტია ახალი სიკვდილის შემთხვევაც არ დაფიქსირებულა.
განცხადება გაკეთდა იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დაფიქსირდა ჰოლანდიის დროშის ქვეშ მცურავ სამგზავრო გემზე MV Hondius.
ჰანტავირუსი ძირითადად მღრღნელებისგან გადადის ადამიანზე. ინფიცირება შეიძლება მოხდეს მღრღნელების განავლის, შარდისა და ნერწყვის ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით, ასევე მღრღნელის კბენით ან დაკაწვრით.
ვირუსის სიმპტომებია: ცხელება, დაღლილობა, კუნთების ტკივილი.
დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შიდა სისხლდენა და თირკმლის უკმარისობაც.
ჰოლანდიის დროშის ქვეშ მცურავი სამგზავრო გემი MV HONDIUS არგენტინის უშუაიას პორტიდან 1 აპრილს გავიდა. მძიმე სიმპტომებით 3 მგზავრის გარდაცვალების შემდეგ ჯანმო-სა და ესპანეთს შორის მოლაპარაკებების შედეგად, 5 მაისს გადაწყდა, რომ MV HONDIUS-ს მგზავრების გადმოსაყვანად ტენერიფეში ჩაიყვანდნენ. იქიდან ისინი თავიანთ ქვეყნებში გაემგზავრნენ.





