ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბერლინში ექსტრემალური სიცხისგან ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმების განახლებული რეკომენდაციები წარადგინა. ეს არის მეორე გამოცემა, რომელიც აახლებს 2008 წლის დოკუმენტს და მოიცავს რვა ძირითად დამცავ ელემენტს.
WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, ევროპაში, რომელიც ნებისმიერ სხვა კონტინენტზე სწრაფად თბება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიცხისგან 200 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, განსაკუთრებით დაზარალდნენ იტალია, ესპანეთი, გერმანია და საბერძნეთი. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ წელს გერმანიაში სიცხისგან 2 500 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტად ხანდაზმულები და ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემების მქონე პირები დაზარალდნენ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სიცხის ხანგრძლივი ტალღები სულ უფრო მზარდ საფრთხედ იქცევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ურბანიზაციისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის მზარდი პროპორციის გამო. ახალი რეკომენდაციები იძლევა სამეცნიერო საფუძველს მზადყოფნისა და რეაგირების სისტემების განვითარებისთვის. მათ შორისაა ადგილობრივ დონეზე სიცხის შესახებ გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესება, დაუცველი ჯგუფების (ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების) ინფორმირება და ბუნებაზე დაფუძნებული გაგრილების ზომების განხორციელება, როგორიცაა პარკები, ურბანული ხეები, მდინარეები და ტყეები.
ჰანს კლუგემ აღნიშნა, რომ ყველა დონეზე მიღებული გლობალური სტანდარტები სიცოცხლის გადარჩენის ქმედებებად იქცევა და გერმანიის მაგალითს იშველიებს, სადაც სიცხისგან დაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება. ბერლინმა 2025 წელს უკვე მიიღო ეროვნული სამოქმედო გეგმა, მათ შორის სიცხის შესახებ გაფრთხილებები ანალოგური და ციფრული მედიის საშუალებით და პორტალი გრილი ადგილების რუკით.
2008 წლის ვერსიასთან შედარებით ახალ რეკომენდაციებში აქცენტი გადატანილია არა მხოლოდ მოსახლეობის გაფრთხილებაზე, არამედ სისტემურ ადაპტაციაზე.
ეს ჩვეულებრივ მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემებს (მეტეოროლოგიური პროგნოზების დაკავშირება ჯანდაცვის სისტემასთან. არა მხოლოდ ტემპერატურის, არამედ ჯანმრთელობის რისკის პროგნოზირება).
მკაფიო პასუხისმგებლობების განაწილებას - ვინ აცხადებს განგაშს, ვინ ატყობინებს მოსახლეობას, ვინ ამზადებს საავადმყოფოებს.
ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნას - სასწრაფო დახმარების გაძლიერება, დამატებითი საწოლების მობილიზება, სპეციალური ინსტრუქციები მედპერსონალისთვის.
საზოგადოებრივი კომუნიკაციის ახალ მოდელს - მიზნობრივი შეტყობინებები, არა ზოგადი გაფრთხილება, არამედ კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა ჯგუფისთვის.
ქალაქური ინფრასტრუქტურის ადაპტაციას - „გაგრილების ცენტრები“ (cooling centers), ჩრდილის ზონები, მწვანე სივრცეები, წყლის ხელმისაწვდომობა.
შრომისა და სოციალური პოლიტიკის ცვლილებებს - გარე სამუშაოების საათების გადახედვა, სკოლებისა და მოვლის დაწესებულებების სპეციალური რეჟიმები.
მონიტორინგსა და შეფასებას - რამდენი ადამიანი დაზარალდა, რომელი ზომები აღმოჩნდა ეფექტური და სხვა.
ივნისის დასაწყისში მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ელ-ნინიოს ფენომენის განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ტემპერატურის მატება და ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდა მომდევნო თვეებში.





