საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა შეაფასა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ებოლას ვირუსი აფრიკაში არსებული აფეთქების ზონიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოხვდეს. მათი დასკვნით, რისკი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე იგი დაბალია და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების საფრთხე მცირეა.

კვლევა თანამედროვე საერთაშორისო ავიამიმოსვლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა. მეცნიერებმა გააანალიზეს 11 ათასზე მეტი აეროპორტი, 569 ათასი საჰაერო მარშრუტი და 330 მილიონამდე მგზავრის გადაადგილების მონაცემები. მოდელირების მიზანი იყო დაედგინათ, რა ალბათობით შეძლებს ინფიცირებული ადამიანი ეპიდემიის კერიდან საერთაშორისო ფრენებით სხვა რეგიონებში გამგზავრებას.

მათმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ ინფიცირებული მგზავრის მოხვედრის ყველაზე მაღალი ალბათობა მსხვილ სატრანზიტო ჰაბებში ფიქსირდება. ასეთ ქვეყნებად დასახელდნენ ბელგია, საფრანგეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, კენია და სამხრეთ აფრიკა. ამასთან მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ საუბარია მხოლოდ ცალკეული ინფიცირებული ადამიანის ჩასვლის ალბათობაზე და არა დაავადების ავტომატურ გავრცელებაზე.

საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, რომლის დასკვნითაც, ევროკავშირის ქვეყნებში ებოლას შეღწევის რისკი კვლავ „ძალიან დაბალია“. მათი შეფასებით, ივნისში ევროკავშირში მინიმუმ ერთი შემთხვევის დაფიქსირების ალბათობა 1%-ს არ აღემატება.

კვლევის საფუძველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აფეთქება ბოლო წლების განმავლობაში. დაავადება, რომელიც ებოლას იშვიათი შტამით არის გამოწვეული, უკვე გავრცელდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის რამდენიმე პროვინციაში და მეზობელ უგანდაშიც გადავიდა. ივნისის შუა რიცხვებისთვის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 780-ს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 181-ს მიაღწია.

სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული შტამის წინააღმდეგ ამ დრომდე დამტკიცებული ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ამასთან, აფეთქება მიმდინარეობს რეგიონში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები და მოსახლეობის მასობრივი გადაადგილებაა, რაც ეპიდემიოლოგიურ კონტროლს მნიშვნელოვნად ართულებს.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ინფიცირებული ადამიანის ევროპაში ან აზიაში ჩასვლა ავტომატურად არ ნიშნავს ახალი ეპიდემიის დაწყებას. ებოლა ვრცელდება მხოლოდ ინფიცირებული ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის შედეგად და არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, როგორც გრიპი ან COVID-19. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ჯანდაცვის სპეციალისტები დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების რისკს აფრიკის ფარგლებს გარეთ დაბალ დონეზე აფასებენ.

თუმცა საერთაშორისო აეროპორტები და სანიტარული სამსახურები სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან თანამედროვე ავიამიმოსვლა პოტენციურად საშიში ინფექციების კონტინენტებს შორის რამდენიმე საათში გადაადგილების საშუალებას იძლევა.