ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდაფეთქება სულ უფრო რთულ და სწრაფად გავრცელებად ფორმას იღებს. დაავადება ვრცელდება კონფლიქტის, არასტაბილურობისა და სამედიცინო რესურსების დეფიციტის ფონზე, რაც ეპიდემიის კონტროლს მნიშვნელოვნად აფერხებს. 

ამჟამად ჯანმო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის დაავადების რისკს აფასებს როგორც „ძალიან მაღალს“, „მაღალს“ უგანდასა და დაზარალებული რეგიონის მეზობელი ქვეყნებისთვის, ხოლო აფრიკის დანარჩენი ნაწილისა და მსოფლიოსთვის რისკი კვლავ დაბალია.

ამ დროის მონაცემებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა 515 შემთხვევა, მათ შორის 91 გარდაცვალება. უგანდაში დადასტურდა 19 შემთხვევა, მათ შორის 2 გარდაცვალება, და ყველა ეს შემთხვევა ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებულია კონგოში მიმდინარე აფეთქებასთან. ეპიდემიის ეპიცენტრი არის იტურის პროვინცია, სადაც ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი ხელს უშლის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. 
ჯანმოს განცხადებით, დაავადება კვლავ ვრცელდება მოსახლეობაში, ხოლო კონტროლის ღონისძიებებს აფერხებს კონტაქტების მოკვლევის სირთულეები, სამკურნალო დაწესებულებების, სამედიცინო მარაგებისა და ფინანსური რესურსების ნაკლებობა. ორგანიზაციამ ამ აფეთქებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 


ჯანმოს ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მოგზაურობაზე ფართომასშტაბიანი შეზღუდვები საუკეთესო გამოსავალი არ არის.

„ყოვლისმომცველი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება აუცილებელი არ არის. COVID-19-ისგან განსხვავებით, ებოლა ძირითადად პირდაპირი კონტაქტით გადადის. საბაზისო პრევენციული ზომების მეშვეობით ბევრ ქვეყანას შეუძლია აფეთქების თავიდან აცილება ან მისი სწრაფი კონტროლი,“ - განაცხადა გებრეიესუსმა. 


რაც შეეხება ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას, ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია ბუნდიბუგიოს შტამით, რომლის წინააღმდეგაც ჯერ არ არსებობს არც დამტკიცებული ვაქცინა და არც სპეციფიკური მკურნალობა. ეს განსხვავდება ზაირის შტამისგან, რომლის წინააღმდეგ ვაქცინები უკვე შექმნილია. ჯანმოს ინფორმაციით, რამდენიმე ვაქცინის კანდიდატი განვითარების ეტაპზეა, თუმცა კლინიკური გამოცდების დაწყებამდე ჯერ კიდევ მრავალი თვეა საჭირო. 

ჯანმო პარტნიორებთან ერთად ასევე მუშაობს 518 მილიონი დოლარის მობილიზებაზე, რათა აფრიკულ ქვეყნებს დაეხმაროს ებოლას აფეთქებების პრევენციაში, გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ თუ აღმოსავლეთ კონგოში უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და კონტროლის ზომები სასწრაფოდ არ გაძლიერდება, ებოლას შემდგომი გავრცელების რისკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ აფრიკაში სერიოზულ გამოწვევად დარჩება