იაშვილის კლინიკის შემდეგ იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში ციციშვილის კლინიკაც ჩაერთო.
ახალი კომპონენტი სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს უზრუნველყოფს.
სერვისის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის/ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით, ასევე - კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე.
ციციშვილის კლინიკის ბავშვთა ნევროლოგის თეა ფულარიანის თქმით, აღნიშნული კომპონენტი სახელმწიფო პროგრამას 13 მაისიდან ამოქმედდა და ის მნიშვნელოვანია როგორც პაციენტების, ისე მათი ოჯახებისთვის.
„კომპონენტი მოიცავს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ სერვისებს. ესაა წინგადადგმული წინ ნაბიჯი, რადგან დიუშენის პაციენტებს გარანტირებულად, უფასოდ, ვაუჩერული სისტემით ექნებათ საშუალება, კლინიკას წელიწადში რამდენჯერმე მომართონ და ჩაიტარონ ყველა აუცილებელი კონსულტაცია და კვლევა. პირველად მათ გასინჯავს ბავშვთა ნევროლოგი, რომელიც საჭიროების მიხედვით გადაამისამართებს სხვადასხვა სპეციალისტთან. სპეციალისტების დიდი ჩამონათვალია: კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ორთოპედი. ეს სპეციალისტები თავიანთი კომპეტენციების მიხედვით დანიშნავენ კვლევებს, ესაა ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები, რენტგენოლოგიური კვლევები, რომლებშიც მოიაზრება გულმკერდისა და ხერხემლის რენტგენოგრაფია, დესიტომეტრია... მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს სერვისი ერთი კლინიკის ფარგლებშია თავმოყრილი, რაც პაციენტებისთვის კომფორტული იქნება. ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ვეცადოთ გავაუმჯობესოთ ამ პაციენტების ცხოვრების ხარისხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და მათი ოჯახებისთვის,“ - აცხადებს ფულარიანი.





