ფარმაცევტული გიგანტები Pfizer და Eli Lilly სწრაფად მზარდ AI-სტარტაპში Chai Discovery-ში მილიონებს დებენ. 
Forbes-ი წერს, რომ ეს სტარტაპი სულ რაღაც 15 თვის წინ დაარსდა, თუმცა უკვე მილიარდიანი შეფასება აქვს და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფარმაკომპანიებთან. მისი მთავარი ტექნოლოგიაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მეცნიერებს ეხმარება ახალი ანტისხეულების შექმნაში — ანუ ისეთი ბიოლოგიური პრეპარატების გამოგონებაში, რომლებიც კონკრეტულ სამიზნე ცილებს ზუსტად ებმება.

ჩვეულებრივ, ასეთი პროცესები წლებიც კი გრძელდება და მილიარდობით დოლარი ჯდება, თუმცა წარმატების შანსი დაბალია. კომპანიის მიზანია, ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქაროს და გააიაფოს.

Chai Discovery-მ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა თავისი განახლებული AI მოდელი „Chai-3“, რომელმაც, კომპანიის მტკიცებით, მკვეთრად გააუმჯობესა ანტისხეულების ზუსტი დიზაინის შექმბუს შესაძლებლობა. მათი თქმით, მოდელი არა უბრალოდ თეორიულ პროგნოზებს აკეთებს, არამედ რეალურად ქმნის ისეთ ცილოვან სტრუქტურებს, რომლებიც ლაბორატორიულ პირობებში მუშაობს. სწორედ ეს ტექნოლოგიური ნახტომი გახდა იმის მიზეზი, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები პარტნიორობით დაინტერესდნენ.

Eli Lilly-მ დაიწყო თანამშრომლობა Chai-თან ბიოლოგიური თერაპიების დასაპროექტებლად, ასევე Pfizer-მა გააფორმა შეთანხმება, რათა გამოიყენოს მათი AI პლატფორმა ახალი სამკურნალო კანდიდატების აღმოჩენისთვის. ფინანსური დეტალები საჯაროდ არ ხმაურდება, თუმცა მსგავს პარტნიორობებში, როგორც წესი, წინასწარი გადახდები და შემდგომი ეტაპობრივი დაფინანსება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.


კომპანიამ უკვე მოიზიდა 225 მილიონი დოლარის ინვესტიცია ისეთი მსხვილი საინვესტიციო მოთამაშეებისგან, როგორებიც არიან OpenAI, General Catalyst და Oak HC/FT. დამატებითი დაფინანსების რაუნდმა კი მისი საბაზრო შეფასება რამდენიმე მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია დგას დიდი გამოწვევის წინაშე: წამლის განვითარება სულ უფრო ძვირი და ხანგრძლივია, ხოლო წარმატებული კანდიდატების რაოდენობა — შეზღუდული. სწორედ ამიტომ, AI-ზე დაფუძნებული პლატფორმები, რომლებიც ამცირებს რისკს და აჩქარებს კვლევას, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. თუ Chai Discovery-ს ტექნოლოგია რეალურად გაამართლებს, ის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ბიოტექნოლოგიური რევოლუციის ახალ ეტაპზე.


ამგვარად, Pfizer-ისა და Eli Lilly-ს ინვესტიცია არა მხოლოდ ერთ სტარტაპში ჩადებული თანხაა, არამედ სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ ფარმაცევტული სექტორის მომავალი სულ უფრო მეტად ეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს და მონაცემებზე დაფუძნებულ ბიოლოგიურ დიზაინს.