მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, მათ შორის Pfizer, AstraZeneca და Eli Lilly, ევროპის ქვეყნების მთავრობებს აფრთხილებენ, რომ თუ წამლების ფასებთან დაკავშირებული რეგულაციები გამკაცრდება, შესაძლოა შეამცირონ ინვესტიციები, გააუქმონ გაფართოების გეგმები ან ახალი მედიკამენტების წარმოებები სხვა ქვეყნებში გადაიტანონ.
Reuters-ის ცნობით, გერმანიაში მთავრობა განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. ამის საპასუხოდ, Pfizer-მა გერმანიის კანცლერს წერილი მისწერა და განაცხადა, რომ მისი ინვესტიციები რისკის ქვეშ დგება. AstraZeneca-მ კი აღნიშნა, რომ შესაძლოა გერმანიის ბაზარზე ახალი პრეპარატები აღარ გამოუშვას. Eli Lilly-მ დაგეგმილი 2.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია თითქმის გაანახევრა; დაახლოებით 900 მილიონი ევროს გაფართოების გეგმა შეაჩერა Boehringer Ingelheim-მა.
Reuters-ის თანახმად, კომპანიები იმავე მეთოდს იყენებენ, რომელმაც ადრე დიდ ბრიტანეთში შედეგი გამოიღო. კერძოდ, იქ ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ მთავრობაზე ზეწოლა მოახდინა და საბოლოოდ მედიკამენტების დაფინანსების ზრდას მიაღწია.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის კორპორაციების მცდელობა გავლენა მოახდინონ სახელმწიფო პოლიტიკაზე და აიძულონ ქვეყნები, მეტი გადაიხადონ მედიკამენტებში. მათი აზრით, შედეგად ჯანდაცვის სისტემები უფრო მეტ ფულს დახარჯავენ, მაგრამ მოსახლეობის ჯანმრთელობა პროპორციულად არ გაუმჯობესებულა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპასა და ფარმაკომპანიებს შორის დაპირისპირება გაძლიერდა მას შემდეგ, რაც აშშ ცდილობს მედიკამენტების ფასები სხვა ქვეყნებში არსებულ დაბალ ფასებს მიუახლოვოს. ამის გამო ფარმაკომპანიები ცდილობენ, მაღალი ფასები ევროპაში შეინარჩუნონ.




