ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესეუსმა განაცხადა, რომ ევროპაში ძლიერი სიცხის ტალღა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში ტემპერატურა თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი, რაც მომავალში კიდევ უფრო ხშირ და რთულად გადასატან სიცხეებს გამოიწვევს.
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. იტალიის 16 ქალაქში სიცხის გამო გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე; ზოგ ქალაქში ტემპერატურა 41°C-მდეა მოსალოდნელი.
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ტემპერატურა 36–38°C-ს აღწევს, ხოლო დასავლეთ რეგიონში მაღალი ტემპერატურის გამო ტრანსფორმატორის დაზიანებამ ათიათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
გაერთიანებულ სამეფოში, განსაკუთრებით ინგლისსა და უელსში, ამინდის საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული; ზოგ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო საათები შემცირდა ან გაკვეთილები საერთოდ გაუქმდა, ასევე აღინიშნება სარკინიგზო მოძრაობის შეფერხებები.
ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, მთავრობებმა პრიორიტეტად უნდა აქციონ კლიმატისადმი მდგრადი ჯანდაცვის სისტემების განვითარება, დააჩქარონ კლიმატური პოლიტიკა და შეამცირონ ის ფაქტორები, რომლებიც კლიმატურ კრიზისს აძლიერებს.
ჯანმო ურჩევს ხელისუფლებებს, ქალაქებში ტემპერატურის შემცირების ღონისძიებები გაატარონ, უზრუნველყონ მოსახლეობისთვის წყალსა და ჩრდილზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინონ რისკის ჯგუფების მონახულებასა და მხარდაჭერას, ჯანდაცვის სისტემები მოამზადონ ექსტრემალური სიცხის პერიოდებისთვის.
„ევრონიუსის“ თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიცხეს 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ბოლო 20 წელიწადში დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.
ჯანმომ განაცხადა, რომ ექსტრემალური სიცხე უკვე მხოლოდ ამინდის საკითხი აღარ არის — ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო გამოწვევად იქცა.




