აჭარაში მიმდინარე ჯანდაცვის პოგრამები პილოტურ კომპონენტსაც შეიცავს და მიმდინარეობს მათ ეფექტიანობაზე დაკვირვება, ამიტომ მათი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება ავტომატურად და მითუმეტეს - მოკლე დროში  ვერ მოხერხდება.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძემ JANDACVA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

JANDACVA.GE დაინტერესდა, რატომ არ მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ის პროგრამა, რომლებიც აჭარაში ხორციელდება და რამდენად სამართლიანია მკურნალობის დაფინანსება გეოგრაფიული ნიშნით. 
როგორც ცნობილია, ავტონომიურ რესპუბლიკაში ფინანსდება არაერთი იშვიათი და ქრონიკული დაავადების მკურნალობა, რომლებზეც ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება. პაციენტებისა და ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ასეთი მიდგომა დისკრიმინაციულია. კერძოდ, ამაზე საუბრობდნენ, მაგალითად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, რომლებიც აჭარის ან თბილისის მიღმა იყვნენ რეგისტრირებულნი - სწორედ ეს ორი თვითმმართველობა აფინანსებდა მანამდე ამ თერაპიებს.  დანარჩენ საქართველოში კი დაფინანსება გასული წლის შუა პერიოდიდან ამოქმედდა. 

აჭარაში ამჯერადაც ფინანსდება იშვიათი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მხარდაჭერის ისეთი პროგრამები, რომლებიც დანარჩენ საქართველოში პაციენტებისთვის ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, უშვილობის პროგრამა, ასევე თვალის ბადურის მძიმე დაავადებების ინტრავიტრეალური მკურნალობა - დიაბეტური რეთინოპათია, მაკულარული შეშუპება ბადურის ვენის ოკლუზიის გამო, მიოპიური ქოროიდული ნეოვასკულარიზაცია, ნეოვასკულარული ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია და სხვა.

2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნულ წელს პროგრამით უკვე 120-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა, ხოლო 2023 წლიდან დღემდე, 300-ზე მეტმა ადგილობრივმა.


ზაალ მიქელაძე, რომელიც  2016 – 2020 წლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იყო და რომლის დროსაც ავტონომიის ფარგლებში არაერთი ჯანდაცვითი პროგრამა ამოქმედდა, განმარტავს, რომ აღნიშნულ პროგრამებში გარკვეულწილად პილოტური კომპონენტი დევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორციელდება კონკრეტული პროგრამების მიმდინარეობაზე დაკვირვება და შედეგების შეფასება. 
თვალის დაავადებების მკურნალობის დაფინანსების პროგრამის შესახებ მიქელაძე განმარტავს:
„ეს პროგრამა ჩემი მინისტრობის დროს დაიწყო და ეს გადაწყვეტილება სამედიცინო საზოგადოებისა და ოფთალმოლოგების მიერ მოწოდებული მტკიცებულებების საფუძველს დაეფუძნა. მაგრამ ეს უცბათ ვერ გადავა მთელს ქვეყანაზე, რადგან ამ პროგრამებში პარალელურად ვდებთ პილოტურ ნაწილსაც. ჩვენ ამ პროგრამებს, როგორც აღვნიშნე, მტკიცებულებების საფუძველზე ვიღებთ, თუმცა არსებობს კიდევ უფრო მაღალი მტკიცებულებები. პროგრამის მიმდნიარეობისას გამოიკვეთა, რომ ხდებოდა ინექციების არასწორი და მოწოდებულზე უფრო ხშირი გამოყენება, რაც  უკავშირდება არა ექიმების, არამედ თავად ფარმაცევტული კომპანიების ინტერესის ფაქტორს,“ - აცხადებს ზაალ მიქელაძე.


ზაალ მიქელაძე განმარტავს, რომ ავტონომიის ფარგლებში მსგავსი ინიციატივების მიზანია, დაინერგოს ის პროგრამები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს.

მათ შორის ზაალ მიქელაძე გამოყოფს ისეთ წარმატებულ პროგრამებს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზის მკირნალობა, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლევები. მნიშვნელოვანია ონკოლოგიური სერვისებიც, რომლის ფარგლებშიც ონკოპაციენტებისთვის წლიური დაფინანსება 80 ათას ლარამდე გაიზარდა. 


ამასთან, როგორც მიქელაძე აღნიშნავს, უნდა მოხდეს პროგრამის შედეგების გაანალიზება და მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.