კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ბუნდიბუგიოს შტამით ინფიცირების 900-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვალების 220 შემთხვევა, სავარაუდოდ, ვირუსით იყო გამოწვეული - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ სასიკვდილო დაავადების მიმდინარე აფეთქება, რომელიც ჯანმომ საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სამედიცინო პერსონალს შეუძლია მისი შეკავება.

ეპიდემიის ეპიცენტრში, კონგოში, კი რისკის დონე მაღალიდან „ძალიან მაღალ დონემდე“  გაიზარდა. განსაკუთრებით დაუცველად ასევე ითვლება მეზობელი ქვეყნები, მათ შორის უგანდა, სადაც დადასტურებულია ხუთი შემთხვევა და ერთი გარდაცვალება.


ეპიდემიასთან ბრძოლას სერიოზულად ართულებს მთავრობის მიმართ საზოგადოების უნდობლობა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს და 100 000-ზე მეტი ადამიანი იძულებულია საკუთარი სახლებიდან გაიქცეს.

აფრიკაში ჯანმო-სსაგანგებო სიტუაციების რეაგირების დირექტორმა მარი როზელინ ბელიზერმა განაცხადა, რომ ებოლას სავარაუდო მსხვერპლთა დაკრძალვის მკაცრმა რეგულაციებმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ხელისუფლებამ აკრძალა მემორიალური ცერემონიები 50-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

მისი თქმით, გარდაცვლილთა ოჯახებს უფლება აქვთ დაემშვიდობონ საყვარელ ადამიანებს, მაგრამ შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მათ ეკრძალებათ ცხედართან შეხება. „ჩვენ ნათესავებს ვუზრუნველყოფთ პირადი დამცავი აღჭურვილობით, რათა მათ შეძლონ საყვარელი ადამიანის ცხედრის სპეციალურ ჩანთაში მოთავსება და ლოცვა,“ - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ამ შტამის აფეთქებები თითქმის 20 წელია ხდება, ბუნდიბუგიოს ვირუსის საწინააღმდეგო დამტკიცებული ვაქცინები ჯერ კიდევ არ არსებობს. ასევე არ არსებობს ამ შტამის სამკურნალო საშუალებები.

ჯანმომ რეკომენდაცია გაუწია კლინიკურ კვლევებში ორი ანტისხეულის პრიორიტეტულ გამოყენებას, ასევე ანტივირუსული პრეპარატის, ობელდესივირის, შეფასებას, როგორც მაღალი რისკის მქონე პირთა მკურნალობის საშუალებას.

ჯანმო სასწრაფოდ აფართოებს საველე ოპერაციებს, მათ შორის კონტაქტების კვალის დადგენას, სამკურნალო ცენტრების შექმნას, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, პაციენტების მკურნალობას, ინფექციების პრევენციასა და კონტროლს, ასევე საველე ღონისძიებების ჩატარებას. ამ ღონისძიებების დასაფინანსებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ფონდიდან 3.9 მილიონი დოლარი გამოიყო.

ებოლას საეჭვო შემთხვევები დაფიქსირა ევროპაშიც, კერძოდ, იტალიაში. კერძოდ, მილანში ორი ადამიანი იზოლაციაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც უგანდიდან დაბრუნდნენ და ებოლას მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ. თუმცა იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ლაბორატორიულად ებოლას ვირუსი არ დადასტურდა.