ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულმა ახალმა პროგრამამ, რომელიც ნაყოფის ულტრაბგერით გამოკვლევებს აუმჯობესებს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მხრიდან კლინიკური გამოყენების ავტორიზაცია მიიღო. Euronews-ის მონაცემებით, ორსულობის დროს ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევები ზოგჯერ ნაყოფის ანომალიების ნახევარსაც კი ვერ აფიქსირებს, ახალი AI სისტემა კი მიზნად ისახავს ამ პრობლემის შემცირებას და ექიმებისთვის უფრო ზუსტი დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას.
პროგრამა შექმნილია ამერიკული სტარტაპის, BioticsAI-ის მიერ და ინტეგრირდება უკვე არსებულ ულტრაბგერით აპარატებთან. სისტემა რეალურ დროში აანალიზებს გამოსახულებებს, ამოწმებს მათ ხარისხს და ექიმებს აფრთხილებს შესაძლო პრობლემების შესახებ ორსულის სკანირების დროს.
სისტემა ასე მუშაობს: როდესაც ექიმი ულტრაბგერით გამოსახულებას იღებს, AI ავტომატურად
ამოწმებს გამოსახულების ხარისხს; ადგენს, ჩანს თუ არა ნაყოფის ყველა აუცილებელი ნაწილი;
აფიქსირებს შესაძლო ანომალიებს, მაგალითად: გულის დეფექტებს, კიდურების განვითარების პრობლემებს.
ევროპის კომისიის მონაცემებით, თანდაყოლილი ანომალიები ევროპაში ყოველ 10,000 ახალშობილზე დაახლოებით 24 შემთხვევაში ფიქსირდება.
ამასთან, ორსულობის 11–14 კვირაზე ჩატარებული ერთი სკრინინგი დაბადების დეფექტების მხოლოდ 38%-ს ავლენს; 18–24 კვირაზე ჩატარებული სკრინინგი — დაახლოებით 51%-ს;
ორივე სკრინინგის ერთად ჩატარებისას აღმოჩენის მაჩვენებელი 84%-მდე იზრდება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები ევროპაშიც ვითარდება. ფრანგულმა კომპანიებმა Diagnoly-მ და Sonio Detect-მ უკვე მიიღეს ავტორიზაცია AI-ზე დაფუძნებული პრენატალური ულტრაბგერითი სისტემებისთვის




